აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი რუსული გემი და კომპანია, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ, იმ კომპანიების ჩამონათვალში შეიყვანა, ვისაც სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 90-დღიან სავალდებულო ანგარიშში წერია, რომელიც კონგრესს გადაეგზავნა. ინფორმაციას ამ ანგარიშზე დაყრდნობით ВВС და სხვა წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათი მონაცემებით, ეს რუსული გემებია - „Юрий Топчев", "Владислав Стрижов", "Балтийский исследователь" და "Академик Черский", ხოლო სანქციების ქვეშ მოყოლილი კომპანიებია - "Коксохимтранс", "Мортранссервис", "Морская спасательная служба" და "Самарский теплоэнергетический имущественный фонд".
თუმცა კონგრესში გადაგზავნილი მასალებიდან ერთი საინტერესო დეტალიც გახდა ცნობილი: პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, არ შეეტანა სანქციების სიაში პროექტის მთავარი ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG და მისი მმართველი დირექტორი მათიას ვარნიგი. ანგარიშში წერია, რომ კომპანია Nord Stream 2 AG ისეთ საქმიანობაშია ჩართული, რომელიც აშშ-ს კანონმდებლობით სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მაგრამ „ეს ნეგატიურად იმოქმედებდა აშშ-გერმანიისა და აშშ-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.“
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მისი საშუალებით ბუნებრივი გაზი რუსეთიდან, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, გერმანიას მიეწოდება. დარჩენილია გერმანიის წყლებში ჩასატარებელი სამუშაოები, რომელიც 13,9 და 16,8-კილომეტრიანი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულებას რუსული „Газпром" თავისი რესურსით ცდილობს, რადგან აშშ-ს სანქციების გამო შვეიცარელმა კონტრაქტორებმა სამუშაოები შეწყვიტეს. გაზსადენის მშენებლობა თებერვლიდან განახლდა. პროექტი აშშ-ს ჩარევის გამო წელიწადზე მეტია, შეჩერებული იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ