პრობლემები, რომლებიც ქართული თხილის ინდუსტრიას აფერხებს

”ჩვენი ფერმერები თხილს რგავენ, მაგრამ რჩევას არავის ეკითხებიან, არც აგრონომებს და არც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანებს”

”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო - უთქვამთ, ნენა, ჩვენს წინაპრებს, მაგრამ ჩემს პატარა მამულში მოწეული მოსავალი ცხრა ძმას კი არა, ორსაც ვერ ეყოფა. რომ გითხრათ, თხილს თან ვყვებით-მეთქი, მოგატყუებთ, რასაც ისხამს, იმას ვკრეფთ. ყოფილა შემთხვევა, წვიმებს მოუსწრია და ნახევარი მოსავალი ვერ აგვიღია. გამიგონია, თურქეთში ფერმერებს თხილის საკრეფი და საშრობი მანქანებიც აქვთ და თავიანთ ბაღებში სასუქიც შეაქვთ, ჩვენთან ვისა აქვს მაგის საშუალება? ამდენი მთავრობა გამევიარე და გლეხი კაცისთვის არც ერთი არ ყოფილა”, - შემომჩივლა ქალბატონმა დალი მ.-მ, რომელსაც გურიაში, ჩოხატაურის რაიონში თხილის ბაღები აქვს, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა...

სამწუხაროდ, ქართველი ფერმერების უმრავლესობა ამ ქალბატონივით მსჯელობს, არადა, თხილს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რასაც "საქსტატის" მონაცემებიც ადასტურებს: 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტით 137,2 მილიონი დოლარის ქართული თხილი გავიდა, წინა წლის იმავე პერიოდზე 16%-ით მეტი. მხოლოდ ოქტომბერში გატანილია 30 მილიონი დოლარის თხილი. საუკეთესო საექსპორტო პროდუქციის ათეულშიც თხილი მეხუთე ადგილზეა.

ალექსანდრე მოწერელია (საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე)

- ქართული თხილი საკმაოდ კარგი ხარისხისაა, მაგრამ მოვლა აკლია. მართალია, თხილის პლანტაციები უნდა გამრავლდეს, ოღონდ არა ისე სტიქიურად, როგორც ახლა ხდება. ჩვენი ფერმერები თხილს რგავენ, მაგრამ რჩევას არავის ეკითხებიან, არც აგრონომებს და არც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანებს. მერე კი, მოსავალი რომ არ მოდის, ხელს ჩაიქნევენ და რასაც კრეფენ, იმითაც კმაყოფილი არიან. ამ ვითარების გამოსწორება და სპეციალისტების ჩარევაა საჭირო. სწორედ მოუვლელობის ბრალია, რომ სექტემბრის ბოლოდან ქართულ თხილში ფარული სიდამპლე მატულობს. ჩვენი გლეხები თხილს სათანადოდ ვერ აშრობენ და ყველა პრობლემა აქედან მოდის, ახლა უკვე ნოემბერია და საქართველოში მშრალ თხილს უკვე ვეღარ იპოვით, ეს არის თხილი, რომლის ტენიანობაც 8-10 პროცენტია, რაც დაუშვებელია. ნოემბრის თვეში თხილს ამხელა ტენიანობა არ უნდა ჰქონდეს. მას დროულად გაშრობა და შენახვა უნდა, თანაც ისეთ ადგილზე უნდა ინახებოდეს, რომელიც კარგად ნიავდება. ახლა ნახეთ, როგორ უვლიან თხილს თურქეთში? - იქ გზის პირებში ბრეზენტის ტომრები აქვთ გაშლილი, სადაც დიდი რაოდენობით თხილი ყრია და მზის ქვეშ ბუნებრივად შრება. თურქეთში მოსავალს განსაკუთრებულად უვლიან, ჩვენთან კი ამ საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულება იგრძნობა: ზოგი ფიქრობს, მაინც მეყიდება და რატომ უნდა გავაშროო. ზოგიერთს კი არაკეთილსინდისიერი განზრახვა აქვს და სპეციალურად არ აშრობს, რომ თხილს წონა არ დააკლდეს. ეს მთავარი პრობლემაა, რასაც მავნებლებიც ემატება. ქართველი გლეხები და ფერმერები იშვიათად იყენებენ სასუქს, რაც მოსავალზე ძალიან მოქმედებს და მათ მიწაზე იმდენი თხილი არ მოდის, რამდენიც უნდა მოდიოდეს.

- თუმცა, წელს ქართული თხილის ფასიც მაღალი იყო და ექსპორტზეც დიდი რაოდენობით გაიტანეს.

-  მართალია, თხილის ფასმა წელს თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ თურქეთში მოსავალი ცოტა იყო. განსაკუთრებული აქტიურობით აგვისტო და სექტემბრის თვე გამოირჩეოდა: სექტემბერში დარჩეული თხილის გულის ფასი 12,5 დოლარი ღირდა. ექსპორტი კი იმიტომ გაიზარდა, რომ ქართული თხილი გაცილებით იაფია თურქულთან შედარებით. როდესაც პროდუქტი იაფია, ვიღაც მიდის და ყიდულობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ბიზნესში უზომოდ წარმატებულნი ვართ. კარგია, რომ იყიდება, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, თურქეთში დიდი რაოდენობით თხილი რომ მიიღონ და ფასიც დაბალი ჰქონდეთ, მაშინ ქართული თხილის ესპორტის საქმე როგორ წავა? როდესაც დიდი განსხვავება ფასებს შორის არ არის, ევროპელი იფიქრებს - არ მინდა თავი ავიტკივოო და იმ პროდუქტს შეიძენს, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული იქნება. თუ ყველაფერი ისე დავტოვეთ, როგორც დღესაა, ხვალ თუ ზეგ სერიოზული პრობლემები შეგვექმნება, ამიტომ ჩვენებური თხილის ხარისხი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. პირველ რიგში ხარისხი მინდვრიდან იწყება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს თხილი გლეხის ხელში ნაკლებად არის, ის ძირითადად კერძო პირების ანუ დამამზადებლების ხელში ხვდება, რომლებსაც ფულიც აქვთ და საშუალებაც, რომ გააშრონ, მაგრამ ამ საკითხს ზერელედ ეკიდებიან. ეს ძალიან ცუდი ფაქტია და რატომ: როცა თხილი შემოდის, 3-4 დღეში თუ არ გააშრობ, ფუჭდება. ჩვენ რასაც ვასწრებთ, მაშინვე ვყიდულობთ და ვაშრობთ, ამიტომ, ქარხნების მიერ თავის დროზე შეძენილი პროდუქცია ძალიან კარგი ხარისხისაა, დანარჩენი კი - მოუვლელი რჩება. როგორც წესი, ქართული თხილი აგვისტოში ძალიან კარგი ხარისხისაა, სექტემბერშიც არა უშავს, მაგრამ მერე მისი ხარისხი აშკარად უარესდება. რატომ? - იმიტომ, რომ პატრონი არ აშრობს, მერე კი, ნოემბერში, ან დეკემბერში ყიდის ისეთ თხილს, რომლის ტენიანობაც 10 პროცენტია. სპეციალისტებმა იციან: თუ თხილის ტენიანობა 6%-ს გადააჭარბებს, ის უკვე ფუჭდება. სამი თვის განმავლობაში რომ ამხელა ტენიანობა ექნება, წარმოიდგინეთ, რა დონის ფარული, თუ ვიზუალური სიდამპლე ექნება ასეთი თხილის გულს. ამიტომ, ყველა პრობლემა თხილის არასწორ მოვლასა და შენახვას უნდა დავაბრალოთ.

- ბოლო ხანებში თხილის ფასი საგრძნობლად შემცირდა, ეს რაღას უნდა დავაბრალოთ?

- ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უკვე შეივსო საახალწლო მარაგები და თხილზე მოთხოვნამაც იკლო. ამას დაერთო ისიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციების გამო რუსულმა რუბლმა ინფლაცია განიცადა. აქედან გამომდინარე, რუსული ბაზარი ძალიან არასტაბილური გახდა და ქართული თხილის ექსპორტი ამ ქვეყანაშიც საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, თხილზე მოთხოვნა შემცირდა და დაიწყო მისი ფასის შემცირება. დღეს თითქმის ყველა კომპანიას უჭირს თხილის ექსპორტირება იმიტომ, რომ საახალწლო მოთხოვნა უკვე შევსებულია, ეს სიტუაცია იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, იანვრის შუა რიცხვებიდან კი თხილის ინდუსტრია მარაგების შევსებას უკვე სააღდგომოდ დაიწყებს. თებერვლის შუა რიცხვებისათვის ამ ბიზნესში ძირითადი მონახაზი უკვე კეთდება, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოსავალი იქნება თურქეთში. თუ აღმოჩნდება, რომ თურქეთში თხილის დიდ მოსავალს ელიან, ფასი კიდევ დაიკლებს, მაგრამ თუკი თურქეთს მოსავალი მწირი იქნება, მაშინ ახლანდელი ფასები შენარჩუნდება, შეიძლება მოიმატოს კიდეც.

- როგორ უნდა შევძლოთ, რომ ქართული თხილის რაოდენობაც მაღალი იყოს და ხარისხიც?

- როგორც გითხარით, წელს თხილის ფასმა ლამის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: გაუტეხავი თხილიც კი სეზონის მიხედვით 7-8-10 ლარი ღირდა. თუკი ჩვენი გლეხები თხილის ხარისხს შეინარჩუნებენ, ის შეიძლება უფრო მეტიც ღირდეს. თუკი თხილს მოვუვლით, თავისუფლად შეიძლება ხარისხიანი და კარგი მოსავალი მივიღოთ. ამ შემთხვევაში გლეხი გაცილებით მოგებული დარჩება, დღეს ქართველი გლეხი სერიოზულ თანხას კარგავს იმის გამო, რომ მისი თხილის ხარისხი ძალიან დაბალია. ძალიან ძნელია ქართული თხილი ევროკავშირის მოთხოვნებში ჩაჯდეს. როდესაც ამ პროდუქტის ტენიანობა 10 პროცენტია, მის ხარისხზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართული თხილი ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე თურქული. თურქეთს მსოფლიო მოსავლის 78% უჭირავს და ყოველწლიურად 600 ათასი ტონა თხილი მოჰყავს, მაშინ, როცა საქართველოში თხილის მოსავალი დაახლოებით 50-70 ათასი ტონის ფარგლებშია. როდესაც ამხელა გასნხვავებაა, ბაზარზე პირობების წაყენება, ან რაიმეს კარნახი წარმოუდგენელია. ჩვენ ამ სფეროში დიდი მოთამაშეები ვერ ვიქნებით, მაგრამ შეიძლება ჩვენი ნიშა გვქონდეს. ამ მიზნის მისაღწევად პირველ რიგში ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ყველა საწარმო სერტიფიცირებული უნდა იყოს. ზოგ საწარმოში ელემენტარული ჰიგიენური ნორმებიც კი არ არის დაცული, არ შეიძლება მზა პროდუქცია არასათანადო პირობებში ინახებოდეს, ამიტომ, პირველ რიგში ეს საკითხები უნდა მოვაწესრიგოთ. ევროპამ კარი გაგვიღო, მაგრამ ჩვენ ამით არ უნდა ვისარგებლოთ და დასავლეთში უხარისხო პროდუქცია არ უნდა შევიტანოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევინარჩუნებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნდობას.

ხათუნა ჩიგოგიძე