,,ამ ეტაპზე გვაქვს მარაგები და ამის ხარჯზე ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ხე-ტყის მასალის ექსპორტი შეიზღუდება, სამწუხაროდ, დაახლოებით, 30%-ით მოგვიწევს ფასის გაზრდა“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ Kohi.ge-ს დამფუძნებელმა, ირაკლი ლომიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში მასალა ისედაც გაძვირებული იყო.
,,ჩვენს შემთხვევაში, ძირითადი საშენი მასალა ხეა, რომლის ფასიც მსოფლიო ბაზარზე სამჯერ გაიზრდა. ეს ეხება აშშ-ს და ევროპას. ჩვენთან, ჯერ კიდევ არ არის ამ მასშტაბი გაძვირება მაგრამ თითქმის ორჯერ უკვე გაზრდილია ფასი და ჩვენი მომწოდებლები ბელარუსიდან და რუსეთიდან გვეუბნებიან, რომ ამით არ დამთავრდება ფასის ზრდა.
ამას ემატება ისიც, რომ ნედლი მასალის გამოტანა რუსეთიდან მალე აიკრძალება და დაშვებული იქნება მხოლოდ ნაგებობების გამოტანა. ბაზარს ბელარუსით და უკრაინით ჩავანაცვლებთ, თუმცა ეს ცხადია გამოიწვევს ფასის ზრდას. მთელი მსოფლიო ყიდულობს რუსეთიდან ხე-ტყეს და ეს შეზღუდვა, რასაკვირველია, შეცვლის ზოგად ფონს და პრობლემა, მხოლოდ ჩვენთვის, ან სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის არ იქნება. უკვე ვცდილობთ, რომ ახალი მომწოდებლები ვიპოვოთ, მაგრამ არ იქნება მარტივი.
ამ ეტაპზე გვაქვს მარაგები და ამის ხარჯზე ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, თუმცა სამწუხაროდ, დაახლოებით, 30%-ით მოგვიწევს ფასის გაზრდა, მას შემდეგ, რაც იმპორტი უკვე ოფიციალურად აღარ იქნება შესაძლებელი“,- განუცხადა Kohi.ge-ს დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.
ცნობისთვის, პანდემიამდე, 1 კვ.მ-ს ფასი 400-დან 600 ლარამდე მერყეობდა. კოტეჯი ამ დრომდე, რუსეთიდან შემოტანილი წიწვოვანი ჯიშების გამომშრალი ხის მასალით მზადდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვას განიხილავს.