სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიღების მიმართულებებით; იგეგმება პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების და სტუდენტების გაცვლითი ვიზიტები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ერთობლივი კვლევების განხორციელება, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაზიარება, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების მოწყობა და სამეცნიერო მიზნებისთვის გენეტიკური რესურსის გაცვლა.

„მემორანდუმი, რომელიც ჩვენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სამეცნიერო დაწესებულებას შორის გაფორმდა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას და, ამავდროულად, გაზრდის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, უნგრულ მხარესთან თანამშრომლობის მემორანდუმი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაფორმდა. მათივე განმარტებით, სტუმრებმა ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.