გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელმაც დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასულ ორ მოქალაქეს, რომელმაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქცია დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეებს და შესაძლოა თუ არა, გერმანიიდან ისინი დეპორტაციით დაბრუნდნენ.

„დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და სათანადოდ კონტრაქტის სხვადასხვა სახით დარღვევისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა სახის სანქცია, რომლის აღსრულებაც ხდება გერმანელი დამსაქმებლისა და გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უწყებების მიერ. გარდა ამისა, გერმანულ კანონმდებლობაში არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს ხელშეკრულებების შედგენის სტანდარტებს, ასევე პირობების დარღვევის შემთხვევებში პასუხისმგებლობებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, თუკი პირი დატოვებს გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების სქემას, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სამუშაო ნებართვის გამცემ უწყებას, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რის შემდგომაც მოხდება რეაგირება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მიერ, აღნიშნულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

ცნობისთვის, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქის მძიმე სამუშაო პირობებზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ და ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა. მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ შეთანხმების პირობა დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა.

საქართველოდან გერმანიაში ჯამში 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფი იმყოფება.