CNN - ტუჩსაცხის გაყიდვებმა 80%-ით მოიმატა

საცალო ვაჭობის კვლევითი კომპანია IRI-ის მონაცემებით, 18 აპრილს დასრულებულ ოთხკვირიან პერიოდში ტუჩსაცხის გაყიდვებმა 34,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80%-ით მეტია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. თუმცა გაყიდვებმა პანდემიამდელ დონეს ჯერ ვერ მიაღწია, რაც მაშინდელ ერთთვიან პერიოდში 40 მლნ დოლარზე მეტს შეადგენდა.

Walmart აშშ-ში უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტუჩსაცხი კოსმეტიკის ყველა სეგმენტში გაყიდვების ლიდერია და 30 აპრილს დასრულებულ კვარტალშიც მოწინავე ადგილი ეკავა. მყიდველები უფრო მყარ ტუჩსაცხებს ირჩევენ, რომლებიც პირბადის ტარების დროს ტუჩებიდან არ იშლება. რაც შეეხება ფერებს, Walmart-ის მონაცემებით, უფრო მეწამული და ცისფერი ტუჩსაცხები იყიდება, ასევე, მოდურია ყავისფერიც.

CNN-ის შეფასებით, ნიღბის ტარების წესებში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები ტუჩსაცხის გაყიდვებზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს. როგორც ცნობილია, გასულ კვირას აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის პირბადის ტარება ქუჩებსა თუ შენობებში და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო აღარაა. ასეთმა პირებმა პირბადე მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სკოლებში უნდა ატარონ.

The Estée Lauder Companies კოსმეტიკის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც ამ სეგმენტის აღორძინებას მოელის.

„ჩვენ, მაკიაჟის რენესანსისთვის ბოლო ექვსი თვეა, ვემზადებოდით,“ - აცხადებს პროდუქტების შემუშავების, პორტფელიოსა და მაკიაჟის ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი სემ ჩოუ.

მისი თქმით, კომპანია მოელის, რომ ზაფხულის სეზონზე ნარინჯისფერ, მკვეთრ ვარდისფერ, მაგენტას და მეწამული ფერის ტუჩსაცხებზე იქნება მოთხოვნა, ხოლო დომინირებული არის და იქნება ე.წ. ატლასის ტუჩსაცხი.

„ვიდრე მე ვსაუბრობ, აი, ამ მომენტშიც ატლასის ტუჩსაცხი პოპულარობას სულ უფრო და უფრო იხვეჭს და მომავალშიც ასე იქნება,“ - აცხადებს სემ ჩოუ, რომელიც სქელი დაფარვისა და მკვრივი ფერის ოდნავ მბრწყინავ ტუჩსაცხებს გულისხმობს.

CNN-ის შეფასებით, პანდემიის დროს პირბადე ტუჩებს ფარავდა, რამაც გასულ წელს ტუჩსაცხის გაყიდვებზე უარაყოფითად იმოქმედა, მაგრამ მოვაჭრეები ამბობენ, რომ ვაქცინაციის მატების პარალელურად, კოსმეტიკის ძირითადი საშუალებების „ბედი შემობრუნდა.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ