Airbus ესპანეთის ქარხანას ხურავს

Reuters-ის ცნობით, ავიამშენებელი კომპანია Airbus ესპანეთში ორი ქარხნის გაერთიანებას აპირებს. კომპანიის წარმომადგენლები პროფკავშირთან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ავიაციის ქარხნების გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს მართავენ.

Airbus-ში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ რომელს დახურავენ კადისის ორი ქარხნიდან. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ პუერტო-რეალის მუნიციპალიტეტში მდებარე ქარხანა სამრეწველო ტექნოლოგიებზე მუშაობას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს.

პროფკავშირის წევრთა თქმით, სანამ Airbus ერთ-ერთ საწარმოს დახურავს, მან დასაქმებულების წინაშე ვალდებულება უნდა აიღოს და მათ სამუშაო ადგილები შეუნარჩუნოს, ასევე, უფრო მეტი შრომითი პაკეტი წარმოადგინოს.

კადისის პროვინციაში კომპანიის ორ ქარხანაში სულ 800 ადამიანია დასაქმებული. ეს რაიონი ესპანეთში უმუშევრობის მაღალი დონით გამოირჩევა. კომპანიამ ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება დიდი ზომის თვითმფრინავებზე მოთხოვნის კლების გამო მიიღო. შესაბამისად, Airbus მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავის, A380 Super Jumbo-ს წარმოებას შეწყვეტს. ამ გადაწყვეტილებამ პუერტო-რეალში მღელვარება გამოიწვია, რადგან A380 Super Jumbo-ს დეტალებს იქ მდებარე ქარხანა აწარმოებს.

კოკა კვირკველია