მადრიდის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის Fitur 2021 - ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ტატიანა მატიჩს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორის სტატუსით არის წარდგენილი.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეალურ პოტენციალს ნაკლებად ასახავს და არსებობს შესაძლებლობები იმისა, რათა უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს დიალოგი სერბეთთან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. აღინიშნა, რომ პანდემიამდე სერბეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდი დინამიკა ჰქონდა. „ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან,” - განაცხადა ნათია თურნავამ.
უწყების პრესსამსასხურის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი.