Google სანქციების ქვეშ მყოფ რუს ბიზნესმენთან სასამართლო დავას განაგრძობს

კომპანია Google-ის რუსეთის განყოფილება მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სარჩელით პასუხობს. კომპანიის რუსეთის ოფისმა სასამართლოში სარჩელი გუშინ შეიტანა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. საქმე ეხება კომპანიის მიერ გასული წლის ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებას, დაებლოკა რუსი ბიზნესმენ კონსტანტინ მალოფეევის YouTube-აქაუნთი.

მალოფეევი აშშ-სა და ევროკავშირის ფინანსური სანქციების სიაშია. ის თავის YouTube-აქაუნთს ე.წ. მართლმადიდებლური ახალი ამბების არხისთვის იყენებდა. აქაუნთის დაბლოკვის შემდეგ მალოფეევის Царьград ТВ აცხადებდა, რომ Google-მა ეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოიმოქმედა და სასამართლოს მიმართა. Google-მა მალოფეევს უპასუხა, რომ კომპანიის პოლიტიკის თანახმად, ის ყველა საეჭვო აქაუნთს აუქმებს, რომლებიც სანქციებს ან ვაჭრობის შეზღუდვის წესებს არღვევენ.

გასულ თვეს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ მალოფეევის მხარე დაიჭირა და Google დაავალდებულა, Царьград ТВ-ის YouTube-აქაუნთი განებლოკა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ყოველდღიურად 100 000 რუბლით (1358,29 დოლარით) დაჯარიმდებოდა, ჯარიმა კი ყოველ კვირას გაორმაგდებოდა.

„ჩვენ სააპელაციო სარჩელით Царьград ТВ-ის გასული თვის სასამრთლო დადგენილებას ვასაჩივრებთ, რადგან ის რუსეთის წინა რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებას აუქმებს და საკითხთან შეუსაბამო ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ჩვენ აპელაციას იმიტომაც მივმართეთ, რომ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში უცხოელი ინვესტორებისთვის დიდ გაურკვევლობას იწვევს. მოუთმენლად ველით, დეტალურად წარმოვადგინოთ ჩვენი არგუმენტები, როგორც კი სააპელაციო მოსმენებზე ამის შესაძლებლობა მოგვეცემა,“ - ნათქვამია Google-ის რუსული ოფისის სარჩელში.

კონსტანტინ მალოფეევი აშშ-სა და ევროკავშირის ფინანსური სანქციების სიაში 2014 წელს მოხვდა. მას ბრალად ედება უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პრომოსკოვური სეპარატისტების დაფინანსება. რუსეთი დასავლეთის ამ სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს.

ზოგადად, ამ ქვეყნის ხელისფლებას ამერიკის ტექნოლოგიური და სოციალური ქსელის გიგანტების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული და YouTube-თან დავა მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი მათ „მონოპოლიზმში“ ადანაშაულებს. მარტის დასაწყისიდან მთავრობა უხეშად ზღუდავს Twitter-ის ინტერნეტ-სიჩქარეს და სხვა ტექნოლოგიური პლატფორმებისგან, მათ შორის YouTube-ისგან იმ კონტენტის ამოღებას მოითხოვს, რომელსაც ფედერალური სტრუქტურები უკანონოდ მიიჩნევენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ