11 თვეში 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 55 237 503 ბოთლი შეადგინა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 11 თვეში მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 55 237 503 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შარშან წლის ამ პერიოდის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 46 მილიონ 700 ათასი ბოთლი იყო. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეულის ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 63%-ით ლიდერობს, რასაც უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი მოყვება. 11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა რუსეთში 35 236 981 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტმა თანხაში 174 300 717 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტო ბრენდის ექსპორტირების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. ნოემბრის მდგომარეობით, 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12 243 642 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ 11 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 39 063 600 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 34%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით ექსპორტმა 6 274 460 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს კი 5 157 227 ბოთლით რუსეთი იკავებს.