არგენტინაში, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება და 31 მაისამდე დარჩება ძალაში. იხურება სკოლები, არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები და იკრძალება სოციალური, რელიგიური და სპორტული ღონისძიებები. საღამოს 20:00 საათიდან დილის 5 საათამდე კი „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს.
„პანდემიის დაწყების დროიდან ყველაზე ცუდ სიტუაციაში ვართ. ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული რიცხვები ფიქსირდება. ამ სიტუაციას სერიოზულად უნდა შევხედოთ,“- განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდეზმა.
ცნობისათვის, არგენტინაში ზედიზედ მესამე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევები 30 000-ს აჭარბებს. სამშაბათს ქვეყანაში დაინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, როცა ინფიცირების 35 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 745 ადამიანი გარდაიცვალა.
არგენტინაში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 3.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 72 000-ზე მეტი გარდაიცვალა.