რას ვყიდით და ვყიდულობთ სერბეთში

საქართველოს სერბეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით დიალოგი აქვს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც მადრიდის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის Fitur 2021 - ის ფარგლებში, სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ტატიანა მატიჩს შეხვდა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, არსებობს შესაძლებლობები, რომ უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ამ ეტაპზე რას ყიდის და ყიდულობს საქართველო სერბეთში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საკმაოდ მწირია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც სერბეთში ექსპორტზე გადის. შედარებით მრავალფეროვანია იმპორტირებული პროდუქტების ჩამონათვალი.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან სერბეთში ჯამში 8,9 ათასი აშშ დოლარის პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა.

ეს პროდუქტებია:

  • ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 6,5 ათასი აშშ დოლარი
  • ყუთები, კოლოფები, გოდრები და ანალოგიური ტარა მერქნისაგან - 2,4 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში საქართველომ სერბეთისგან ჯამში 2,7 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა. მათ შორის ათეულშია:

  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 951.2 ათასი აშშ დოლარი
  • ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 395.7 ათასი აშშ დოლარი
  • სიმინდი - 197,4 ათასი აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 136,4 ათასი აშშ დოლარი
  • მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 117, 8 ათასი აშშ დოლარი
  • მინერალური ან ქიმიური აზოტის სასუქები, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 109,5 ათასი აშშ დოლარი
  • აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 89,4 ათასი აშშ დოლარი
  • ხის სამშენებლო ნაწარმი - 68,5 ათასი აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 64,4 ათასი აშშ დოლარი
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 61,3 ათასი აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური