ჩინეთის სამთავრობო შენობებთან Tesla-ს ავტომობილების პარკირება აიკრძალა

ჩინეთის ზოგიერთი სამთავრობო დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანეს, სამთავრობო შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე Tesla-ს ავტომობილები არ დააპარკინგონ. ჩინელი ჩინოვნიკები Tesla-ს ავტომობილებზე დამონტაჟებულ კამერებს უფრთხიან, რომლებსაც, მათი მტკიცებით, ამერიკის სპეცსამსახურები თვალთვალისთვის იყენებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს წყარო უყვება, რომ აქვს უტყუარი ცნობა პეკინისა და შანხაის ორი სამთავრობო უწყებიდან, სადაც თანამშროლებმა ხელმძღვანელობისგან ზეპირი ინსტრუქცია მიიღეს, რომ სამუშაო ადგილზე Tesla-ს ელექტრომობილი არ დააპარკინგონ. Reuters-მა ბოლომდე ვერ გაარკვია, ეხება თუ არა ასეთი შეზღუდვა პეკინის ყველა სამთავრობო დაწესებულებას და არის თუ არა ეს ზომა ოფიციალური ანუ ჩინეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, რაც მთელ ქვეყანაში ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ გადამცემები და კამერები, რომლებიც მძღოლს ავტომობილის მართვაში ეხმარება, ბევრი სხვა წარმოების ავტომობილშიცაა დამონტაჟებული, პარკირების შეზღუდვები მხოლოდ Tesla-ს ავტომობილებს ეხება. როგორც ცნობილია, მარტში ჩინეთის ზოგიერთ სამხედრო კომპლექსში Tesla-ს ავტომობილებით შესვლა აიკრძალა. მიზეზად ჩამონტაჟებული კამერების გამო გამოწვეული უსაფრთხოების პრობლემები დასახელდა.

Reuters-ის შეფასებით, ასეთი შეზღუდვები ახალი მტკიცებულებაა, რომ ჩინეთი, ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ზედმეტი სიფრთხილით ეკიდება ელექტრომობილების ამერიკელ მწარმოებელს. უსაფრთხოებასა და მომხმარებელთა მომსახურებაზე საჩივრების შემდეგ, Tesla ჩინეთის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობას აძლიერებს და მთავრობასთან ურთიერთობის გუნდს ზრდის. ჩინეთი ელექტრომობილების წარმოებისთივს მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ბაზარია, რომელზეც გაყიდვების 30% მოდის. ამჟამად Tesla შანხაის ქარხანაში ელექტროსედან Model 3-სა და სპორტულ Model Y-ს აწარმოებს.

Tesla-ს ავტომობილებში გადამცემები და კამერები ირგვლივ მოძრავ ავტომობილებს აფიქსირებს. თუმცა დღეს მსოფლიოს ავტოინდუსტრიისთვის მზარდი პრობლემაა ის, თუ სად და როგორ გამოიყენება ან სად ინახება ასეთი კამერების ჩანაწერები, რასაც მარეგულირებელი ორგანოები სწავლობენ. Tesla-ს ავტომობილებში რამდენიმე გარეკამერაა, რომელიც მძღოლს პარკირებაში, მოძრაობის ხაზის ცვლილებაში და კიდევ სხვა ფუნქციებით ეხმარება. გენერალური დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ კამერებით შეგროვებულ მასალას კომპანია ავტომობილის თვითმართვადი სისტემის შემუშავებისთვის იყენებს.

მას შემდეგ, რაც მარტში ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ავტომობილების შპიონაჟისთვის გამოყენების გამო, Tesla-ს შესაძლოა, საქმიანობა საერთოდ აუკრძალონ, ილონ მასკმა გადაწყვიტა, ქვეყანაში მონაცემთა დამუშავების ცენტრი გახსნას და ჩინელი მძღოლებისთვის მონაცემთა პლატფორმა შეიმუშავოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ