ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც მინისტრმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2013-2014 წლებში უწყებამ 39 ახალი პროექტი განახორციელა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, რა მიმართულებითაც უწყება მუშაობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა 16 ბუნების ძეგლი, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობებს და ვიზიტორთა ცენტრებს რეაბილიზაცია ჩაუტარდა. მათივე განმარტებით, მიმდინარე წელს ორი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა.

"ასევე დასრულდა ოკაცეს კანიონის და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. დაცულ ტერიტორიებზე დაინერგა ეკოტურიზმის ახალი სერვისები: ველო ბილიკები, ნიჩბოსნები, კანიონინგი, გეოლოგიური ბილიკები, საინტერპრეტაციო ბილიკები. შედეგად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. კერძოდ, 2012 წელს ვიზიტორთა რიცხვი 688 288 იყო, 2014 წელს კი 1 253 445 ვიზიტორს მიაღწია", - აცხადებენ სამინისტროში.

ოფიციალური ცნობით, მიმდინარე წელს მომზადდა ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დაიწყო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების დაცვა და მონიტორინგი. ასევე მოეწყო 6 დროებითი ახალი სანერგე მეურნეობა, რომელიც 500 000 ნერგის გამოსაყვანადაა განკუთვნილი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა 7 კბმ მეტრიდან 15 კბმ მეტრამდე გაიზარდა. "ეს მნიშვნელოვანი შეღავათია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის. სამინისტრო განსაკუთრებით ზრუნავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფაზე და მათ 1947 კბმ შეშა გადაეცა", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემაც, რის ფარგლებშიც თბილისის 36 წერტილში დამონტაჟდა ჰაერის გამზომი. "ვაშლიჯვარში ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური აეროზოლების მონიტორინგის უახლესი ავტომატური სისტემა დამონტაჟდა. მართვის სისტემის საშუალებით შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ჰაერის დიდი მოცულობის სინჯების აღება და გამა-ზონდის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში აეროზოლების აქტივობის კონცენტრაციების განსაზღვრა", - განმარტავენ სამინისტროში.

რაც შეეხება ბუნებრივი კატასტროფების მართვას, უწყების თქმით, სტიქიის ექსტრემალური გააქტიურებისას საშიშროების რისკის შეფასება ქვეყნის მასშტაბით 463 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება. "გამოვლინდა 465 ოჯახი, რომელიც აუცილებელ გაყვანას საჭიროებს, ხოლო 500-ზე მეტი ოჯახი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

აღნიშნულის გარდა, ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სატყეო სექტორის განვითარების საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა."სატყეო სექტორში დაინერგა ტყის მართვის პრინციპები, აღდგა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის მასივი, რომლის ფართობიც 76 ჰექტარს შეადგენს. ასევე ბორჯომ-ბაკურიანსა და ხარაგაულში ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდა", - აღინიშნა ანგარიშის წარდგენისას.

საერთო ჯამში, 2 წლის განმავლობაში უწყებამ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 945 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 11 465 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, 480 ფაქტი კი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რომელთან დაკავშირებული საქმეებიც საგამოძიებო ორგანოებშია გადაგზავნილი. რაც შეეხება ჯარიმებს და ზიანს, ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობამ 5 624 300 ლარი, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 17 276 454 ლარი შეადგინა.