აშშ გრენლანდიის ყიდვას აღარ აპირებს. ამის შესახებ დანიის ამ ავტონომიურ ტერიტორიაზე ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენმა განაცხადა. როგორც ცნობილია, 2019 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიის ხელისუფლებას გრენლანდიის ყიდვა შესთავაზა. თუმცა დანიამ ამ წინადადებას „აბსურდული“ უწოდა. ამ დიპლომატიურმა წაკამათებამ აჩვენა, რომ გრენლანდიის მიმართ აშშ-ს დიდი ინტერესი აქვს.
ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდიასთან, განსაკუთრებით კომერციის სფეროში, ურთიერთობის განმტკიცება სურს და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ტრამპისგან განსხვავებით, კუნძულის ყიდვას ნამდვილად არ აპირებს. დასმულ კითხვაზე, მთლიანად თუ გამორიცხავს ამერიკის მთავრობა გრენლანდიის ყიდვას, ბლინკენმა უპასუსხა: „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ასეა.“
გასულ წელს აშშ-მა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში საკონსულო ხელახლა გახსნა. მაშინ ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ სამოქალაქო პროექტების დასაფინანსებლად გრენლანდიას 12 მლნ დოლარს გამოუყოფს.
„აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩვენს პარტნიორობას და მისი გაძლიერება სურს. ჩვენ ვეძებთ საშუალებებს, რომ კომერციული ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა გრენლანდიაში ვიზიტით თავისი ოთხდღიანი ტურნე დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში არქტიკის მოსაზღვრე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ