ევროპაში საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდის დონეს, შესაძლოა, 2029 წლამდე არ დაუბრუნდეს, - ამის შესახებ „ევროკონტროლის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ავიამიმოსვლის მართვის სააგენტოში აცხადებენ, ევროპის საჰაერო სივრცეში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში განხორციელებული ფრენების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65 პროცენტით შემცირდა.
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობისა და ვაქცინების ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ევროპის საჰაერო მიმოსვლის სამ სავარაუდო მოდელს განიხილავს.
მათი განმარტებით, საუკეთესო შემთხვევაში, ანუ თუკი სამოგზაურო შეზღუდვები 2021 წლის ზაფხულისთვის ყველგან მოიხსნება, საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელი 2019 წლის მდგომარეობას 2024 წლამდე დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში კი, თუკი ვაქცინაციის ტემპი ევროპასა და მთელს მსოფლიოში ნელი იქნება, საჰაერო მიმოსვლა პანდემიამდე პერიოდის დონეს, შესაძლოა, 2029 წლამდე არ დაუბრუნდეს.
ორგანიზაციის პროგნოზით, რეალობა ამ ორ უკიდურესობას შორის იქნება.
„2021 წელს, სავარაუდოდ, 2019 წელს განხორციელებული ფრენების (5.5 მილიონი ფრენა) 50 % გვექნება, მომავალ წლის ბოლოსთვის - 72 %-მდე გაიზრდება, პანდემიამდე პერიოდის დონეს კი 2025 წლისთვის მიუახლოვდება,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.