ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Coca-Cola-ს მიმართ გამოძიება დაიწყო

ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Coca-Cola-სთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიამ პარასკევს გაავრცელა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ კომისიამ წინასწარი გამოძიების ფარგლებში Coca-Cola-ს შეკითხვების ნუსხა გაუგზავნა. წინასწარი გამოძიება გრძელდება და მისი შედეგებისა და ვადების შესახებ ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, გამოძიების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ Coca-Cola-შიც, სადაც აცხადებენ, რომ ევროკავშირის მარეგულირებლისგან ოფიციალური კითხვარი ხუთშაბათს მიიღეს.

„მართალია, ჩვენ გამოძიებასთან ყველანაირად ვითანამშრომლებთ, მაგრამ ვიდრე პროცესი გრძელდება, წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ მკაცრად ვიცავთ კონკურენციის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას“, - განუცხადეს Coca Cola-ში სააგენტო Reuters-ს.

Coca-Cola-ს წინააღმდეგ განცხადება ლობისტურ ჯგუფ EuroCommerce-მა გაავრცელა, რომელშიც ისეთი კომპანიები შედიან, როგორიცაა Carrefour, Ikea, Metro და Tesco. ლობისტური ჯგუფი „ზოგიერთი მსხვილი ტრანსნაციონალური ბრენდის გაყიდვების პრაქტიკის გამო“ შეშფოთებას გამოთქვამს.

„საცალო და საბითუმო მოვაჭრეებში ზოგიერთი მსხვილი ტრანსნაციონალური ბრენდის გაყიდვების პრაქტიკა შეშფოთებას იწვევს. მრავალი წელია, მივუთითებთ პრობლემაზე, რომელსაც ჩვენი სექტორი ე.წ. აუცილებელ პროდუქტთა მწარმოებლებისგან აწყდება. ისინი ბაზარზე გავლენას ცალმხრივი პირობების დასაყენებლად იყენებენ და კონკურენციას თავიანთი ინტერესებით ზღუდავენ“, - აცხადებს EuroCommerce-ის გენერალური დირექტორი კრისტიან ვერშუერენი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ