გერმანიის ქუჩებში მომავალი წლიდან უპილოტო ავტობუსები ივლიან

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ უპილოტო ავტომობილების მოძრაობის წესები დაამტკიცა. მთავრობა აპირებს, გერმანიის ქუჩებში თვითმართვადი ავტობუსები და სხვა უპილოტო სატრასნსპორტო საშუალებები 2022 წლისთვის გამოიყვანოს. ინფორმაციას Deutsche Welle (DW) ავრცელებს.

მომავალი წლიდან ექსპლუატაციაში შევა როგორც თვითმართვადი სამარშრუტო ავტობუსები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპილოტო ავტობუსები, რომლებიც დაწესებული მარშრუტით იმოძრავებენ. კანონპროექტი დასამტკიცებლად ზედა პალატას გადაეგზავნა.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ეს იქნება მსოფლიოში პირველი სამართლებრივი ბაზა, რომელიც რეგულარულ საგზაო მოძრაობაში ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებების ინტეგრირებას მოახდენს. კანონპროექტის თანახმად, საგზაო მოძრაობის წესები იმის მიხედვით იცვლება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება შესაძლებელი გახდეს. ეს, კონკრეტულად, ეხება მთლიანად ავტონომიური სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს, როლებიც „მე-4 დონის“ კლასიფიკაციაში ხვდებიან. „მე-4 დონის“ სატრანსპორტო საშუალებებს კომპიუტერი მთლიანად აკონტროლებს და მათ სამართავად მძღოლი ანუ ადამიანი საჭირო არაა.

აქამდე უპილოტო სატრანსპორტო საშუალებებს, ძირითადად, კომერციულ და სამრეწველო ზონებში იყენებდნენ, რისთვისაც სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. კანონპორექტის მიხედვით, ავტონომიური მართვის სატრანსპორტო საშუალებებს მგზავრების გადაყვანის გარდა, პროდუქტების გადასატანადაც გამოიყენებენ.

ამასთან, საგზაო მოძროაბაში ფართო მოხმარების უპილოტო ავტომობილების გამოყენებაც დაიშვება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ბაზარზე მათ გამოჩენას წლები დასჭირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ