კორონავირუსის კრიზის დაძლევა გერმანიის ეკონომიკას 300 მლრდ ევრო დაუჯდება

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა გერმანიის ეკონომიკას 300 მილიარდი ევრო დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt, კიოლნის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომელიც გერმანიის ეკონომიკას იკვლევს.

მხოლოდ ბოლო 3 კვარტლის განმავლობაში კრიზისის დასაძლევად გერმანიის ეკონომიკამ 140 მილიარდი ევრო დახარჯა, აქედან მესამედი დაიხარჯა მეორე ტალღის გამო დაწესებული მორიგი ლოქდაუნის დროს.

„ვაქცინაციის ტემპები იზრდება და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ეკონომიკისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა მივეცეთ ილუზიებს, თითქოს ეს კრიზისი მეტ კვალს არ დატოვებს“, - წერია პუბლიკაციაში.

ამ მომენტისთვის გერმანიაში ლოქდაუნი მოქმედებს, თუმცა ზამთართან შედარებით შემსუბუქებული ფორმით. გახსნილია სკოლები და საბავშვო ბაღები, მუშაობს მუზეუმები და გალერეებიც კი. უმეტეს რეგიონებში უკვე გადაიდგა ნაბიჯები ზომების შემსუბუქებისკენ და უკვე გაიხსნა რესტორნები ღია ცის ქვეშ და სასტუმროები.

კოკა კვირკველია