ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება

ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები უქმდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის წარმატებული კამპანიის ფონზე მიიღო, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჯანდაცვის მინისტრის იული ედელშტეინის განცხადებით, შეზღუდვები ივნისის დასაწყისიდან მოიხსნება.

„ისრაელის ეკონომიკა და მოქალაქეები დამატებით სივრცეს მიიღებენ სუნთქვისთვის”, - აღნიშნა მინისტრმა, მაგრამ ასევე დასძინა, რომ სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა დაწესება შესაძლებელია.

ისრაელში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით მიმდინარეობს, 50 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეების 92% ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია.

ქვეყანაში შაბათს კორონავირუსის მხოლოდ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ისრაელში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 839 319 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 6 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.