მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.
პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერი“-ს გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო.
ქვრივიშვილმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია პარლამენტის წევრობისას მიმდინარე წლის 21 აპრილს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, 2020 წლის იანვარ-11 დეკემბრის პერიოში მისმა შემოსავალმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე 45 953 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, ქვრივიშვილი ფლობს, ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს - BMW - x6-ს. მის საკუთრებაშია ასევე: Rolex-ის საათი, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ამავე ბრენდის მეორე საათი, მარიამ ქვრივიშვილმა 2017 წელს შეიძინა და მასში 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეს ეკუთვნის Cartier-ს სამაჯურიც, რომელიც 2017 წელს 7 000 აშშ დოლარად შეიძინა და ამავე ბრენდის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 3 500 აშშ დოლარია.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ქვრივიშვილს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 25,151 ლარი; 3 275 გირვანქა სტერლინგი და 45 000 დოლარი ჰქონდა. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ქვრივიშვილი ფლობს შპს „ვოიაჟერის“ 10%-იან წილს, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 30 000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ასევე მის საკუთრებაშია შპს „ეარლაინ რეფრეზენთეიშენ გრუპის“ 30%-იანი წილიც, თუმცა მისი საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება დეკლარაციაში. აღსანიშნავია, რომ ქვრივიშვილს ორივე კომპანიაში წილის მართვა სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.
ყოფილი დეპუტატი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს - Mercedes- E Clas-ს, ორ ბინას თბილისში და კიდევ ერთი ბინის 33,33%იან წილს. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 10 064 ლარი ჰქონდა. ის არის რამდენიმე კომპანიის (შპს „გემო-96“, შპს „რუბიკონი 1“, შპს „კურორტი აბასთუმანი სანატორიუმი არაზინდო“, შპს „ს ბათუმი“, სს „დასასვენებელი სახლი შუქურა“, შპს „ინდუსტრიული ქალაქი“) დირექტორი, რომელთა საქმიანობითაც, მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასვე ეკავა შპს "აჭარა ჯგუფისა" და სს "ნინოს" ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია, სადაც შემოსავლის სახით 81 085 და 7 890 ლარი აქვს მიღებული; შპს „კოლექტივ დეველოპმენტის“ დირექტორის პოზიციაზე კი შემოსავალმა 36 000 ლარი შეადგინა.