სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ტექნოლოგიურ ჯგუფს ეძებს, რომელიც ციფრული ვალუტისთვის საპილოტე პლატფორმას შექმნის. ამის შესახებ განცხადება ბანკმა დღეს გაავრცელა. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ეს ნაბიჯი ბანკს ციფრული ვალუტის შექმნასთან კიდევ უფრო აახლოვებს.
„სამხრეთ კორეის ეკონომიკა აზიაში სიდიდით მეოთხეა და ასეთ გარემოში პირველი კვლევითი პროცესის დაწყება მეტად მნიშვნელოვანია,“ - წერს სააგენტო.
ცენტრალური ბანკი ტექნოლოგიურ პარტნიორს ღია სატენდერო პირობებით შეარჩევს. კომპანიამ უნდა შეისწავლოს ციფრული ვალუტის ამოქმედების პრაქტიკული შესაძლებლობები.
„ნაღდი ფულით ოპერაციების წილი მნიშვნელოვნად შემცირდება. ამ ნაბიჯით ჩვენ გვსურს, გადახდის სისტემაში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებს მომზადებულები დავხვდეთ,“ - ნათქვამია სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
პლატფორმა მოდელირებული კომერციული ბანკებისა და სავაჭრო ობიექტებისგან იქნება შემდგარი, ხოლო ცდები მობილური ტელეფონით გადახდებით, თანხის გადარიცხვებითა და დეპოზიტების შეტანით ჩატარდება. აღნიშნული საპილოტე პროგრამა აგვისტოდან დეკემბრამდე განხორციელდება, ხოლო მომდევნო წლიდან მეორე ფაზით კიდევ უფრო გაიზრდება.
„კორეის ბანკის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ბიტკოინმა და სხვა კრიპტოვალუტამ, რომლებიც ტრადიციული ფულადი სახსრების კონკურენტებს წარმოადგენენ, შესაძლოა, ფინანსური სექტორის საქმიანობა შეცვალონ. ჩინეთიდან მოყოლებული დიდ ბრიტანეთამდე და შვედეთამდე ცენტრალური ბანკები თავიანთი ფინანსური სისტემის მოდერნიზაციისთვის ციფრული ვალუტის შემუშავებას ცდილობენ, რათა კრიპტოვალუტის საფრთხეები თავიდან აიცილონ და, ასევე, შიდა და საერთაშორისო გადახდები დააჩქარონ,“ - წერს Reuters.
ამ ქვეყნებს, რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობს, თავიანთი ციფრულ ვალუტა ხმარებაში უახლოეს 3 წლის განმავლობაში ექნებათ. ეს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (Bank for International Settlements) კვლევებმა აჩვენა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ