„გვახსოვს 90-იანი წლები, როცა ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის - შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა"

კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. - შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.

„კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ კარგად ხედავთ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა ყველა ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ - სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში, ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.