საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები” და გვინდა ქვეყნის 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია, - ასე პასუხობს „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმით, „კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო“.
როგორც გოლეთიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულება შესასწავლია და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. მისივე თქმით, „ვაი პატრიოტიზმს” უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ, რადგან ხელისუფლება ხეობას ყიდის და რესურსებს ასხვისებს.
„პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში არის ერთმანეთს აცდენილი, პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებიდან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი, საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ჩვენს მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ მარგინალური, ბნელი ექსტრემისტული ძალა. დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ ხელშეკრულება გადაუგზავნეს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს. ბატონი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ შესასწავლია ხელშეკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. ვაი პატრიოტიზმს უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ, ხეობას ხელისუფლება ყიდის და რესურსებს ასხვისებს. საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.