როგორ შეიცვალა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ვალუტების კურსი ბოლო 10 დღეში

საქართველოს ეროვნული ვალუტა ბოლო 10 დღის განმავლობაში 11 პუნქტით გამყარდა.

ეროვნული ბანკის 21 მაისს დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3,3056 ლარი ღირს, მაშინ, როცა 11 მაისს 3,4174 ლარი იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში დოლართან მიმართებით პოზიციები მცირედით რუსულმა რუბლმა და სომხურმა დრამმა გაიმყარა, მყარ პოზიციაზე რჩება აზერბაიჯანული მანათი.

რაც შეეხება თურქულ ლირას, ის თითქმის 7 პუნქტით დაეცა, თანაც იმ ფონზე, როცა ლარი გამყარდა. არადა, უკვე წლებია ლარის გაუფასურებას ხელისუფალნი ხშირად სწორედ ლირის პოზიციების შესუსტებას უკავშირებენ. თუმცა ამჯერად, ლირა და ლარი „სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ“ - ერთი მყარდება, მეორე კვლავ უფასურდება. უფრო კონკრეტულად, დღეს ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 8,38 ლირას შეადგენს, 10 დღის წინ კი 8,31 ლირა ღირდა.

სომხური დრამი თითქმის 2 პუნქტით გამყარდა. თუ 11 მაისისთვის ერთი დოლარი 522,10 დრამი ღირდა, დღევანდელი ოფიციალური კურსით 520,54 დრამია.

რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 74,13-დან 73,58 რუბლამდე გამყარდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ ეროვნული ვალუტას, დღეს ერთი დოლარი 1,7 მანათი ღირს.