G7 ახლოსაა შეთანხმებამდე, რომელიც მსხვილ გლობალურ კომპანიებს დაბეგრავს

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია) ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიების კორპორაციულ დაბეგვრას. როგორც Financial Times წერს, გლობალური შეთანხმება უკვე დიდი ოცეულის ფორმატში შემოდგომაზე ამოქმედდება და ის დაადგენს ახალ წესებს მსხვილი კორპორაციების დაბეგვრაზე.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმებას „შვიდეულის“ წევრებს შორის შესაძლოა, ხელი უკვე პარასკევს მოეწეროს დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედარზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართება. ხოლო დეტალების განხილვა შესაძლოა, პირისპირ შეხვედრის დროს 4-5 ივნისს ლონდონში მოხდეს.

როგორც Financial Times წერს, შეთანხმება სერიოზულად შეზღუდავს კომპანიების შესაძლებლობებს, მიიღონ მაღალი მოგება. ამასთან, ამერიკული ციფრული გიგანტები იძულებული გახდებიან უფრო მეტი გადაუხადონ უშუალოდ იმ ქვეყნებს, სადაც ახორციელებენ გაყიდვებს. გასულ წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, რომ დაწესდეს მოგების 15%-იანი გადასახადი.

კოკა კვირკველია