საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე, მარიამ ქვირივიშვილი ტურიზმის ახალ პოლიტიკაზე იმუშავებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაციაა. ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენს გუნდს, რომელიც ტურიზმის პოლიტიკაზე მუშაობს, ამიტომაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ. მარიამი თავისი გამოცდილებით, თავისი პროფესიონალიზმით, კრეატიულობით და მონდომებით მართლაც მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება ჩვენი ტურიზმის მიმართულებით. მარიამი იმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკაზე იმიტომ, რომ პანდემიის შემდეგ განახლებული პოლიტიკა გვჭირდება ახალ პროექტებზე და ტურიზმის აღდგენაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული მიმართულებით რა გუნდიც ჩვენთან მუშაობს, ამ გუნდის გაძლიერებას და მომავალში კიდევ ახალ საინტერესო სიახლეებს მოგახსენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.