ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად პოზიტიური მოლოდინები სახელდება

„კურსი ისეთი რამეა, რომ თუ არის კარგი მოლოდინები, ის მაშინვე აისახება გაცვლით კურსზე“- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძვრები ტურიზმის სექტორში და ვაქცინაციის დინამიკა, დადებითად ისახება ეროვნულ ვალუტაზე, რასაც ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ემატება, შედეგად კი ლარი დოლართან მიმართებით მყარდება.

ცნობისთვის, ბოლო 2 კვირაში ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 10 თეთრით გამყარდა.

„ვაქცინაციასთან და ტურიზმთან დაკავშირებული მოლოდინები უკეთესია. სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისგან განსხვავებით, კურსი ისეთ რამეა, რომ თუ არის კარგი მოლოდინები, ის მაშინვე აისახება გაცვლით კურსზე. გზავნილების გარდა, ვიტყოდი, რომ ექსპორტიც არის ძლიერი ფაქტორი (თუმცა, იმპორტიც ძლიერია), ისევე, როგორც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები. იმიტომ, რომ იცით, ბოლო პერიოდში მოხდა საკმაოდ გამკაცრება მონეტარული პოლიტიკის, ჯერ 0.5%-ით, შემდეგ 1 %-ით. ბუნებრივია, ეს არის ლარში გამკაცრება და იმის გათვალისწინებთ, რომ ჩვენ მულტი სავალუტო სისტემაში ვართ, ანუ ევროც გვაქვს და დოლარიც მიმოქცევაში, ამან ლარში გამკაცრების გარდა, ასევე გამოიწვია ის, რომ განსხვავება პროცენტებს შორის ლარსა და სხვა ვალუტას შორის კიდევ უფრო გაიზარდა. შედეგად, რასაც ჩვენ აპრილში ვხედავთ და ვფიქრობ, მაისშიც დავინახავთ, საკმაოდ გააქტიურებულია ვალუტის სესხები. ის, რომ ლარში იზრდება სესხები, კარგია რისკის კუთხით, ასევე გააქტიურებულია ვალუტის სესხები, რაც რისკია, თუმცა ამას თავისი დადებითი ზეგავლენა აქვს ეროვნულ ვალუტაზე.

აქ ასევე მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ გამკაცრების გარდა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულად პირველი შემთხვევაა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო დეპოზიტის განაკვეთი, რაც არის ლარში, საბანკო სისტემაში. ბუნებრივია, ასეთ პირობებში, როდესაც დეპოზიტი უფრო იაფია (მცირედით, მაგრამ მაინც), ბანკები აღარ იღებენ იმ რაოდენობით რეფინანსირებას“,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ნინი ქეთელაური