სოსო ფხაკაძე - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები 1 წლით გადავადდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადავადებაზე იმსჯელეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ნინო თანდილაშვილმა და სოლომონ პავლიაშვილმა ბიზნესს გააცნეს მთავრობის გადაწყვეტილება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადავადების თაობაზე.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომ „რეფორმა არ ჩერდება და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

ამასთან, მთავრობამ გაითვალისწინა პანდემიის ფონზე ბიზნეს სექტორში არსებული გამოწვევები და ბიზნეს ასოციაციის ობიექტური თხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით“.

შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექნიკური რეგლამენტის (მათ შორის ნარჩენი ზეთებისა და საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორებისა და ბატარეების) ამოქმედების ვადა გადავადდა 1 წლით, 2022 წლის 1 ივლისამდე.

„მივესალმებით მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფოსთან პროფესიული, კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით ვაღწევთ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ბიზნესის ხმის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება ხელისუფლებისათვის და ამ რეჟიმში მუშაობა ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ასოციაცია მუდმივად ახდენს და მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური საკითხების წინ წამოწევას და მათ დაცვას“, - განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.