„მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილების შეფასების პროცესს, ამ პროცესში წარმოდგენილ ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას შეისწავლიან.
„იმედი მაქვს, რომ ისინი, ამ ფასილიტაციით ხელს შეუწყობენ პროცესების ნორმალიზებას. ეს არის კომპეტენტური, დამოუკიდებელი და ნეიტრალური პლატფორმა, მაღალი რეპუტაციის, რომელსაც ამგვარი გამოცდილება გააჩნია და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უალტერნატივოა. როდესაც ორი მხარე განსხვავებულ პოზიციაზეა, მედიაციის როლი ძალიან დიდია; განსაკუთრებით ისეთი მედიატორის, როგორიც არის ევროკავშირის ენერგოგაერთიანება; ბევრ სხვა ქვეყანაში მსგავსი კონფლიქტური, პრობლემური საკითხი, ჰესებთან და მსხვილ ჰესებთან დაკავშირებით, მათი მონაწილეობით წარმატებით გადაწყდა. ჩვენ ვთქვით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრს ექნებოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო შეფასებების, მათ შორის, შეფასებების გადახედვის პროცესში.
ყველა გარემოსდაცვითი, თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, შეიქმნა ფორმატი. ორივე სამინისტროდან გამოიყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც მათ მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ ინფორმაციას, მათთვის სასურველ ფორმატში გასცემს. იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ დრო, გამოიყო 12 თვე, რათა მოხდეს გარკვეული შეფასებები და ინფორმაციის უკეთესად შესწავლა. ჩვენ ამ ორგანიზაციებს მივეცით საშუალება, რომ, ერთ წლის განმავლობაში შეფასებები გაეკეთებინათ და ჩვენ მზად ვართ, ეს შეფასებები მოვისმინოთ.
გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრომ მოახდინა ფასილიტაცია ინვესტორებთან, რომ მათ მოისმინონ ის მოსაზრებები, რომლებიც ექსპერტებს ექნებათ. გარკვეული მოქნილობის სივრცე ამ შემთხვევაში გაჩნდა, მათ შორის, მორატორიუმი, რომელიც ასევე არსებობს ამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ღია ამ ფორმატების გამოყენების და ამ ფორმატებში ყველა საკითხის განხილვისთვის“,-განაცხადა დავითაშვილმა.