IATA-ს ხელმძღვანელი ავიაინდუსტრიისგან პანდემიამდელ დიდებას 2024 წლამდე არ ელოდება

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (International Air Transport Association -IATA) გენერალური დირექტორი უილი უოლში სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ კორონავირუსის კრიზისიდან გამოსული ინდუსტრია შედარებით მცირეშემოსავლიანი და უფრო ფრთხილი იქნება. მას ეჭვი ეპარება, რომ ავიაკომპანიები ახალი შენაძენებით გაფართოებას შეეცდებიან.

უოლშის თქმით, ავიაგადაყვანების ინდუსტრია პანდემიისგან მეტად დაზარალდა და მთელ მსოფლიოში მრავალი თვითმფრინავი ისევ მიწაზე რჩება ან თითქმის ცარიელი დაფრინავს, რადგან დარგის აღდგენის პროცესში ავიატრანსპორტზე მოთხოვნა მცირდება.

„ეს იქნება უფრო მცირე ინდუსტრია. ჩვენ არ ვაპირებთ მთელი სიმძლავრით აღდგენას," - განაცხადა სააგენტო Reuters-თან ონლაინ-ინტერვიუში უილი უოლშმა. ის ეყრდნობა გაჩერებული თვითმფრინავებისა და გათავისუფლებული თუ შვებულებაში გაშვებული თანამშრომლების მონაცემებს.

„ეს უფრო ფრთხილი ინდუსტრი იქნება. მე არ ველოდები შერწყმისა და შთანთქვის (Merger and Acquisition-M&A) ბიზნეს-პროცესს, უფრო იმიტომ, რომ ხალხი ფულადი სახსრების გამოყენებაში ფრთხილი იქნება," - აცხადებს IATA-ს თავკაცი. უილი უოლში British Airways-ის მფლობელი კომპანია IAG-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. ის აცხადებს, რომ „ფულადი სახსრების რესურსის” დახარჯვა „მეტად სარისკო“ იქნება, მაგრამ ის მოელის, რომ კონსოლიდაცია ავიაკომპანიების ოპერაციების შემცირებისა და ჩავარდნილი პროექტების ხარჯზე მოხდება.

„ავიაკომპანიებს დრო დასჭირდებათ, რომ ბალანსი აღადგინონ,“ - აცხადებს უოლში.

IATA-ს პროგნოზით, გლობალურ ავიამოგზაურობაზე მოთხოვნა 2019 წლის დონეს, ანუ პანდემიამდელ მდგომარეობას 2024 წელს დაუბრუნდება. უოლშის თქმით, მართალია, გადარჩენილი ავიაკომპანიები ხარვეზებს შეავსებენ, მაგრამ სიფრთხილით უნდა მოეკიდონ იმას, თუ რამდენად სწრაფად მოხდება აღდგენის პროცესი.

„ავიაკომპანიები მოკლევადიან პერიოდში წამგებიანი მარშრუტების ოპერირებით გარისკვას არ აპირებენ,“ - აცხადებს IATA-ს ხელმძღვანელი. ამასთან, უოლშს არ სჯერა, რომ კრიზისმა შეარყია ავიაკომპანიების ისეთი ბიზნეს-მოდელები, როგორიცაა, მაგალითად, რეგიონალური ან იაფი ავიაგადაყვანები.

„ამ ინდუსტრიის კონკურენტული ხასიათი არაფერს შეუცვლია,“ - ამბობს უოლში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ