„მხოლოდ შეღავათზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული“ - რას სთავაზობს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია მთავრობას რეექსპორტის ზრდისთვის

,,კონკრეტული ნაბიჯებით მთავრობას შეუძლია, სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოოს მოლაპარაკება, რის შედეგადაც გასამმაგდება გაყიდვები“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლაშა დარბაისელის თქმით, რიგ ქვეყნებთან ავტო-ტური ვიზა იქნება შესაძლებლობა ავტო-იმპორტიორებისათვის, რითიც მოგება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

,,გასაღების ძირითადი ბაზარი სახმელეთო მეზობლები და უკრაინაა. დიდი კლების შემდეგ, თვიდან-თვემდე იზრდება რეექსპორტი, თუმცა ეს არცერთ შერმთხვევაში არ არის ახლოსაც კი იმ ნიშნულთან, რაც პანდემიამდე იყო. არის ნაბიჯები, რომელიც სრულად შეცვლიდა ბაზარს.

აქ არ ვგულისხმობ პირდაპირ შეღავათს. მადლობელი ვართ შეღავათებისთვის, თუმცა სულ სხვა სახის დახმარებაა საჭირო, რასაც ჩვენ, ჩვენი რესურსით ვერ გავაკეთებთ. ასოციაციის დამოკიდებულება ასეთია, მხოლოდ შეღავათზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული. მთავრობას შეუძლია სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოოს მოლაპარაკება, რის შედეგადაც გაორმაგდება და გასამმაგდება გაყიდვები. ამ ნაბიჯებით, შესაძლებელია სექტორის ბრუნვა გაიზარდოს და ამასთან, გაიზრდება ჩვენი შენატანები ბიუჯეტში.

საუბარია, მაგალითად ავტო-ტური ვიზის გახსნაზე სხვადასხვა ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ეს იყო ევროპასთან, სანამ მოხდებოდა უვიზო მიმოსვლის მიღება. იქამდეც ავტოიმპორტიორები ვმუშაობდით ამ მექანიზმით, თუ გადაადგილება ხდებოდა გარკვეული დადგენილი წესის მიხედვით, გარკვეული დროის განმავლობაში მას არ სჭირდებოდა ვიზა. ასევე შეგვიძლია დავუშვათ ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის, ავტო-ტური ვიზები გავუხსნათ იმათ, ვისთანაც სავიზო მიმოსვლა გვაქვს. ეს არის შეღავათი, რომელითაც ისინი გამარტივებული სავიზო რეჟიმით წაიყვანენ ავტომობილებს. გარდა ამისა, ექნებათ ბილეთზე და სხვადასხვა სერვისზე შაღავათი. ამაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუ ხელისუფლების ნება იქნება“, - განაცხადა დარბაისელმა.

მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით, ავტომობილების რეალიზაცია ისევ ვერ ხდება და ბაზარი, ისევ გაჩერებულია.

„პანდემიის დროს დილერებისთვის ოპერირება რთულია. მით უფრო, რომ ადგილობრივი ბაზარი ისევ გაჩერებულია და ადამიანებს საკვებსა და ავტომობილს შორის უდგათ არჩევანი. გასაგებია, რომ პირველადი დანიშნულების საგნებს ირჩევს ყველა. ამას არჩევანსაც კი ვერ დავარქმევთ.“,- ამბობს დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, მსუბუქი ავტომობილები რეექსპორტმა იანვარ-აპრილში 125.4 მილიონი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაჩერების მერე, მიმდინარე წელს, მატება ყოველ თვეში ფიქსირდება, კლება წინა წელთან 10.7%-ია.

2021 წლის იანვარში საქართველოდან 24,888 მლნ აშშ დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, თებერვალში - 25,088 მლნ აშშ დოლარი, მარტში 36,596 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი გაიყიდა, ხოლო აპრილში 38.828 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

თამარ მუკბანიანი