ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მუდმივი კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) პროექტის ფარგლებში, მუდმივი კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დადგა.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ყველა ის ვალდებულება შესრულდეს, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს დონორებთან კოორდინირებულ მუშაობას. 52 მლნ ევროს ღირებულების ENPARD-ის პროექტი, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას. კერძოდ: ექსტენციის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და სხვა. დაგეგმილია ENPARD 2-ის პროექტის დაწყებაც, რაც საქართველოს დაეხმარება დაძლიოს ის პრობლემები, რაც წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის დარგის უყურადღებოდ მიტოვებამ გამოიწვია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი ENPARD-ის პროექტს ახორციელებს. "პროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას და დარგის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დონორთა კოორდინაციის და კომუნიკაციის მიმართულებით, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში და მხარს ვუჭერთ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ხუან ეჩანოვემ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოების მოკლე ანგარიში წარმოადგინა. სხდომაზე ENPARD-ის კომიტეტის წევრებმა აღნიშნული პროექტის სხვადასხვა კომპონენტების ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახლად შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, პროექტის სამომავლო კომპონენტებში უნდა იყოს ასახული.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ENPARD-ის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 2015 წლის თებერვლის ბოლოს გაიმართება.