პანდემიამ Birdies-ის საშინაო სტილის ქალის ფეხსაცმელი კიდევ უფრო პოპულარული გახადა

CNBC იუწყება, რომ ქალის ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Birdies პანდემიის დროს აყვავდა. მთავარი მიზეზი მის სტილშია: მაშინ, როცა დისტანციური მუშაობისა და „დარჩი სახლში“ კამპანიის გამო ქალებმა ქუსლიანი ფეხსაცმელი გვერდზე გადადეს, Birdies-ის დაბალძირიან ფეხსაცმელზე მოთხოვნა გაიზარდა. ბრენდი ბაზარზე „ფლოსტებშეფარული საშინაო ბრტყელი ფეხსაცმლის სტილით“ პოზიციონირებს. შედეგად აპრილში დასრულებული ფინანსური წლის მაჩვენებლით კომპანიას 300%-იანი ზრდა ჰქონდა.

კომპანია სან-ფრანცისკოშია ბაზირებული და გასული წლის ნოემბერში მთელი თავისი სეზონური მოდის პროდუქცია გაყიდა. Birdies-ის ფეხსაცმლის ფასი წყვილზე 85-დან 140 დოლარამდეა. ამ სტილის ფეხსაცმლის იდეა კომპანიის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ბიანკა გეითსა და მის დიდი ხნის მეგობარ, თანადამფუძნებელ მარისა შარკის ეკუთვნით.

„იდეა მაშინ გაჩნდა, როცა მივხვდით, რომ უსაქმურობის დროს ისეთი ფეხსაცმლის წყვილი არ გაგვაჩნდა, რომელსაც სახლში მეგობრების გართობის დროს ჩავიცვამდით,“ - იხსენებენ მანჰეტენელი დაქალები. 2015 წელს მათ პროტოტიპი შეიმუშავეს და იმავე წელს 1800 წყვილი მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე გაყიდეს. იმ დროს ბიანკა გეითსი პარალელურად სრული სამუშაო გრაფიკით კომპანია Facebook-ში მუშაობდა, საიდანაც 2017 წელს, როგორც კი Birdies გაიზარდა, წამოვიდა და დამფუძნებლებმა თანხის დაგროვება დაიწყეს.

2018 წელს ბრენდი მართლაც პოპულარული გახდა, როცა ახალ ზელანდიაში მყოფ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ფოტო გადაუღეს, რომელზეც მეგანს სწორედ Birdies-ის წყვილი ბრტყელი ფეხსაცმელი ეცვა. ფეხსაცმლის მთელი კოლექცია უცებ გაიყიდა, ხოლო 30 000 ადამიანმა წინასწარ გამოიწერა.

რაკი პანდემიის დროს Birdies კარგად იყიდებოდა, კომპანიას რადიკალური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს და „ყველაფერი დატოვა ისე, როგორც მანამდე იყო.“ Birdies კლიენტებთან სოციალური ქსელით აქტიურად თანამშრომლობს და მათ მოთხოვნებზე ძალისხმევა გააორმაგა. კომპანია პროდუქციაზე უამრავ სლაიდს ქმნის.

„მომხმარებელთნ პირდაპირი კავშირი რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციისა და მონაცემების მიღებაში დაგვეხმარა,“ - აცხადებს ბიანკა გეითსი.

მარტში Birdies ლოს-ანჯელესის ქალების საფეხბურთო კლუბ Angel City-ის სპონსორი გახდა.

ბრენდის მიზანი „ქალებში კარგი განწყობის ამაღლებაა.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ