როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მინდა ვთქვა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეპიდვითარების კონტროლით საზღვრებს ვხსნით საერთაშორისო ტურისტებისთვის, მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუნდაც, ლარის კურსის დასტაბილურებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თურნავა განმარტავს, საქართველოში ტურისტების სხვადასხვა გზით შემოსვლა შემოსავლებზე აისახება.
„ჩვენ უწყებათშორის საბჭოზე მორიგი პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან ტურიზმის აღდგენა არის ჩვენი ეკონომიკის აღდგენის საწინდარი. როგორც ერთი კვირის წინ გპირდებოდით, თუკი, ჩვენი ეპიდვითარება კონტროლის ქვეშ დარჩებოდა და სწორედ ასეც მოხდა, პირველი ივნისიდან შევძლებდით სრულად გაგვეხსნა კვების ობიექტები შაბათ-კვირას. პირველი ივნისიდან გადაწყვეტილია, რომ რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ არამხოლოდ ღია სივრცეების ნაწილში, არამედ სრულყოფილად - დახურული სივრცეების ნაწილიც იმუშავებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, სარესტორნო ინდუსტრიისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალბათ, ძალიან ბევრი ელოდა საქართველოში, ტურისტული სექტორი და მოსახლეობაც, ეს არის სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება მივიღეთ და პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც გაიხსნება საქართველოს სტუმრებისთვის, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად, კონკრეტული რეგულაციების შესრულებით, აუცილებელი ნეგატიური PCR ტესტის საზღვარზე წარმოდგენით. ეს არის კიდევ უფრო ძლიერი მესიჯი იმ თვალსაზრით, რომ საქართველო, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა, სადაც ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვაქცინირდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფთან ერთად, ელის ტურისტებს, რომლებიც შემოვლენ სხვადასხვა გზით, არამხოლოდ საჰაერო გზით, არამედ სახმელეთო გზით, ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება, როგორც ტურისტების გაზრდილ რაოდენობაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში.
მე მინდა ვთქვა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეპიდვითარების კონტოლით ვხსნით ჩვენ საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის, მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუნდაც, ლარის კურსის დასტაბილურებაზე, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, რაზეც ზემოქმედებს სხვდასხვა ფაქტორი და პირველ რიგში, ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები და ასევე, დადებითი მოლოდინები, რომელსაც ეს ფაქტი ქმნის“, - განაცხადა თურნავამ.