ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა იყოს გაკეთებული. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის ამ ჰესის აშენება ქვეყნისთვის მომგებიანი.
„ჩვენ გვაქვს ამ ჰესთან დაკავშირებით 2 საკითხი, პირველი არის უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება უსაფრთხოებას, როგორც ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ზოგადად, უსაფრთხოებას. მეორე საკითხი არის ეკონომიკური. რაც შეეხება ბუნების დაცვას და ზოგადად, უსაფრთხოების საკითხს, არსებობს სტანდარტიზირებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ ასეთ ჰესებთან დაკავშირებით კვლევას და აუდიტს. ვვარაუდობ, რომ ასეთი აუდიტი აუცილებლად უნდა იყოს დადებული ამ პროექტთან დაკავშირებით. პრინციპში „ნამახვანჰესის“ შესახებ საუბარი მიდის უკვე წლების მანძილზე. მაგალითად, არის ევროკავშირის სერთიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით მუშაობენ, ასეთი ორგანიზაციების მიერ კვლევები უკვე უნდა იყოს გაკეთებული. ვერც დავიჯერებ იმას, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიც არის „ენკა“, ასეთი მსხვილი პროექტის მსგავსი კვლევა არ აქვს გაკეთებული. გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გაკეთებული აუდიტი უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი ამ დოკუმენტაციის, სხვანაირად წარმოიდგინეთ, ვერც სესხს აიღებ საერთაშორისო- საფინანსო ინსტიტუტში, თუ ასეთი საბუთი არ არსებობს და ვერც ისეთი კომპანია წავა ასეთ რისკზე, როგორიც „ენკაა“. ეს საბუთი უნდა არსებობდეს. თუ ეს საბუთი არ არსებობს, დიდი პრობლემაა. რატომ არ ხდება ამის კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩემთვის გაურკვეველია.
მეორე საკითხი არის ეკონომიკური დასაბუთება, რა მოაქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის, რისთვის არის საჭირო. ეს არის ურთულესი საკითხი და აღიშნულთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა აზრი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ქობულიამ.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ გონივრული გზით უნდა გადაჭრას.
„ვეკითხები მთავრობას, სად არის ამ მთავრობის ეფექტურობა და ქმედითუნარიანობა, რომ ასეთი საკითხი გადაწყვიტოს? რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან აქტივისტი ჯგუფები, რომლებიც ასეთი ტიპის პროექტების წინააღმდეგ წავლენ. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, მაგრამ მთავრობა იმისთვის გვყავს, რომ მას ვენდეთ, მივეცით ხმა, ავირჩიეთ და ამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და წინ წაიყვანოს ქვეყანა განვითარების მხრივ“, - განაცხადა ქობულიამ.