Zara-ს შემდეგ საქართველო კიდევ ერთი ბრენდის გლობალურ ონლაინ მაღაზიას შეუერთდა. ამიერიდან საქართველოდან Massimo Dutti-ს აპლიკაციასა და ვებ-გვერდ massimodutti.com-ზე შესვლისას მომხმარებელს ბრენდის სრულ კატალოგზე ექნებათ წვდომა. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში კი მიწოდება განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
Massimo Dutti, მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი პრემიუმ ბრენდია. 74 ქვეყანაში წარმოდგენილია 677 მაღაზიით. ბრენდი საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ბაზარზე 4 მაღაზიით არის წარმოდგენილი. საქართველო პირველია ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, სადაც გლობალური გვერდიდან ონლაინ შეძენის სერვისის დანერგვა შესაძლებელი გახდა.
“თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების პასუხად ონლაინ შეძენის ინტერესი და მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში ონლაინ გაყიდვების დაწყება ბრენდის გლობალური სტრატეგიის ნაწილია. Massimo Dutti მის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სრულიად განსხვავებულ შესყიდვის გამოცდილებას, ასევე ხელმისაწვდომობას ბრენდის სრულ კატალოგზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში საქართველოს მაღაზიებში არ არის წარმოდგენილი. ვიცით, რომ Massimo Dutti-ს მომხმარებლები ამ შესაძლებლობას სულმოუთმენლად ელოდნენ და, იმედი გვაქვს, გავახარებთ ამ სიახლით”, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“, რომელიც Massimo Dutti-ს ექსკლუზიური ფრენშაიზ პარტნიორია საქართველოში.
Massimo Dutti-ს ბრენდი Inditex ჯგუფს 1991 წელს შეუერთდა, დაარსებიდან 6 წლის შემდეგ. Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია Massimo Dutti-სთან ერთად საქართველოში ოპერირებას უწევს Inditex ჯგუფში შემავალ დანარჩენ ბრენდებს: Zara, Bershka, Stradivarius, Pull & Bear, Oysho, Zara Home. Inditex ჯგუფი მსოფლიოში 6289, ხოლო საქართველოში 19 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2020 წლის ოქტომბრიდან ქართველ მომხმარებელს Zara-ს გლობალური გვერდიდან ონლაინ შეძენის შესაძლებლობა მიეცა.