კომპანია „აპტოსი“ საქართველოში საწარმოს გახსნას გეგმავს და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ წევრიანდება

კოვიდპანდემიის გამო, ბიზნეს სექტორში შექმნილი სირთულეების ფონზე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დასაცავად”, - ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, ბიზნეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების საწინდარს ჰქმნის და მას ყოველთვის სჭირდება სათანადო ყურადღება ხელისუფლების მხრიდან.

„მივესალმებით ჩვენი ასოციაციის ახალ წევრს, კომპანია „აპტოსს“. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს სწრაფ განვითარებას და მას ემატებიან ახალი წევრები სხვადასხვა სფეროდან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის ასოციაციის საქმიანობას.

კოვიდპანდემიის გამო, ბიზნეს სექტორში შექმნილი სირთულეების ფონზე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დასაცავად და ასრულებს ერთგვარი ხიდის როლს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ბიზნეს სექტორი ჰქმნის ქვეყნის ეკონომიკური წარმატების საწინდარს და მას ყოველთვის სჭირდება სათანადო ყურადღება ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ამასთან, როგორც “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ” აღნიშნავენ, “აპტოსი" 25-წლიანი ისტორიის მქონე ესთეტიკური მედიცინის ქართული კომპანიაა.

„აპტოსი“ მსოფლიოში საკუთარი წარმოების ხაზითა და სრულიად გამორჩეული ინოვაციური მიდგომებით არის ცნობილი. კომპანია ინოვაციურ ძაფებსა და მეთოდებზე მუშაობს, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაში - პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატოლოგიაში სახისა და სხეულის ლიფტინგისთვის, კონტურირებისა და გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება.

კომპანიის 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

„აპტოსის“ მეთოდები ხასიათდება მომენტალური შედეგით, პროცედურის შემდეგ ის არ ტოვებს კვალს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აფერხებს კანის დაბერების პროცესს. ეს უნიკალური ძაფები და მეთოდები ფართოდ აღიარებულია მსოფლიოში და წარმატებით გამოიყენება სპეციალისტების მიერ 75-ზე მეტ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციურ მეთოდებზე „აპტოსი“ 18 უნიკალურ პატენტს ფლობს, რომელთაგან 8 საერთაშორისოა. კომპანიას ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია. იგი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. აპტოსის ძაფები 75-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ 10-ზე მეტი ახალი წევრი შეუერთდა და დღეს „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ აერთიანებს 90-ზე მეტ კომპანიას. ამასთან, წევრ კომპანიათა დიდი ნაწილი ჰოლდინგური ტიპის ჯგუფებია. თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ოდენობით მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციას მოიცავს. შესაბამისად, საერთო ჯამში, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ 600-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.