ისრაელისთვის სარაკეტო დაბომბვებით მიყენებულმა ზარალმა 77 მლნ დოლარი შეადგინა

ისრაელის საგადასახადო სამმართველომ პალესტინის ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მხრიდან სარაკეტო დაბომბვებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი, დაახლოებით, 77 მლნ დოლარად (250 მლნ შეკელად) შეაფასა. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ სამმართველოში ზარალის ამსახველი 5 ათასი საჩივარია შესული.

ზარალის საჩივრების რაოდენობამ შესაძლოა, კიდევ მოიმატოს, რადგან ქვეყანაში დაბომბვები გრძელდება, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც კონფლიქტის ზონას დროებით თავი დააღწიეს, ადგილზე არყოფნის გამო მათი ქონებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ საჩივრები ჯერ არ დაუწერიათ.

სარაკეტო დარტყმებით ყველაზე მეტად აშკელონი დაზარალდა. ბოლო მონაცემებით, ამ ქალაქში დანგრეულია 787 საცხოვრებელი ბინა. მთლიანობაში აშკელონიდან საგადასახადო სამმართველოში 1087 საჩივარი შევიდა. ქალაქ აშდოდში 228 ბინა დაზიანდა, საჩივრების რაოდენობა კი 359-ია. რამათ-განში დანგრეულია 227 ბინა და დაწერილია 254 საჩივარი. ჰოლონში - 188 ბინა და 249 საჩივარი, პეტჰ-ტიკვში - 182 ბინა, გივათაიმში - 136 ბინა, თელავივში კი - 77 ბინა. იაფაში მომხდარი არეულობით რამდენიმე შენობა დაზიანდა.

ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრში, სამხრეთ ოლქში 2,5 ათასზე მეტი საჩივარია დაწერილი. გუშდანში - 2336 საჩივარი, იერუსალიმის ოლქში - 81, ხოლო ჰაიფას ოლქში - 253 საჩივარი. გარდა ამისა, 170 ოჯახი სასტუმროებშია გადაყვანილი. ისინი იმ სახლებიდან გადმოიყვანეს, რომლებიც დაბომბვების შედეგად დაინგრა. სასტუმროებში მათ საცხოვრებელ ხარჯებს საგადასახადო სამმართველო იხდის. ასევე, დაზიანებული და დამწვარია ასობით ავტომობილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ