თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას - ენერგეტიკოსი „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე

„დღეს საქართველოს ენერგეტიკაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისთვის... თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ ხდება პროექტის საგნობრივი განხილვა, შესაბამისად, პროტესტი, რომელიც საზოგადოების ნაწილს აქვს, დაფუძნებულია არასწორ ინფორმაციასა და უხარისხო კვლევებზე.

„ჩემი ღრმა რწმენით, დღეს საქართველოს ენერგეტიკაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის უსაფრთხოებისთვის. თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. სამწუხაროდ, არ არის საშუალება საგნობრივი განხილვის, უფრო არის კამათი, კინკლაობა... არგუმენტების მოყვანის ადგილი უნდა მოიძებნოს, სადაც ამ საკითხზე იქნება საფუძვლიანი მსჯელობა და შესაბამისი დასკვნის გაკეთების საშუალება.

ეს საპროტესტო ტალღა დიდწილად დამყარებულია არასწორ ინფორმაციაზე. პირდაპირ სიცრუეზე და უხარისხო კვლევებზე. ამაში ვგულისხმობ მთელ მითოლოგიას, რომელიც წლების განმავლობაში ინერგება ჩვენთან, რომ თითქოს, ჰესები არის ჩამორჩენილი ტექნოლოგია, საფრთხის შემცველი, რომ მსოფლიომ დაანება თავი, ინგრევა ჰესები, მერე უკვე ის, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში წვლილს არ შეიტანს და ა.შ. ეს ყველაფერი არის ცრუ ინფორმაცია, რომლითაც წლების განმავლობაში ხდებოდა მეთოდურად, ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედება. მე რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც განვმეორდები, თანავუგრძნობ იმ ხალხს, რომელიც გამოსულია ქუჩაში, გამოსულია გულწრფელად და ჰგონია, რომ თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს, მაგრამ მე ვერ თანავუგრძნობ ჯერ ერთი, ამ ფორმებს და მერე შინაარსს. იმიტომ, რომ ის არ ემყარება ცოდნას. ერთი დიდი პრობლემა, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის ის, რომ ვერ ვამყარებთ ვერც პოლიტიკას და ვერც პროტესტს, საფუძვლიან, ხარისხიან და ობიექტურ ინფორმაციაზე“,- განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

ნინი ქეთელაური