მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 1 წლით გახანგრძლივდა

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლების ვალდებულება, მოეხდინათ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია 2021 წლის 1 ივნისამდე, ვადამ ერთი წლით, 2022 წლის 1 ივნისამდე გადაიწია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მწარმოებლებს საშუალება მიეცათ, აღნიშნულ ვადაში მოემზადონ რეგულაციის მოთხოვნის შესასრულებლად.

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნის გადავადების საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ნინო თანდილაშვილმა და სოლომონ პავლიაშვილმა გამართეს.

,,როგორც შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პანდემიით შექმნილ ვითარებაში ბიზნესსექტორის გამოწვევები და მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ვადის გავრცელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური რეგლამენტების თანახმად, ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლები ვალდებულნი არიან, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდნენ მგვ ელექტრონულ რეესტრში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.