იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარს ამბობენ. ბოლო ინფორმაციით, 26 მაისის 00:00 საათიდან უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას აჩერებს. ასეთი დავალება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა და Украэрорух-მა უკრაინის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს. უკრაინის ავიაკომპანიებს ბელარუსის თავზე ფრენები აეკრძალათ.
მანამდე კიდევ ორმა ევროპულმა ავიაკომპანიამ, Air France-მა და Finnair-მა ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი განაცხადა. Air France-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაითვალისწინა და გადაწყვიტა, შემდგომ შეტყობინებამდე, ბელარუსის საჰაერო სივრცეში საკუთარი თვითმფრინავების ფრენები შეაჩეროს. ავიაკომპანიის განცხადებას Agence France-Presse ავრცელებს.
რაც შეეხება Finnair-ს, სააგენტო Reuters წერს, რომ ავიაკომპანიაში გადაწყვეტილება ფინეთის პროფილური სააგენტოს რეკომენდაციის შემდეგ მიიღეს. Finnair-ში აცხადებენ, რომ ფრენების გაუქმება უმნიშვნელო რაოდენობის რეისებს შეეხება. ბელარუსის გავლით ბოლო რეისი კვირას შესრულდა, მომდევნო კი ოთხშაბათს უნდა შესრულებულიყო.
ასევე, გერმანული SPIEGEL წერს, რომ ავიაკომპანია Lufthansa-მ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და ბელარუსის თავზე ფრენები შეაჩერა.
„შექმნილი გაურკვეველი მდგომარეობის გამო, ჩვენ მოცემულ მომენტში ბელარუსის საჰაერო სივრცეში ოპერაციებს ვაჩერებთ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შვედურმა ავიაკომპანია SAS-მა გაავრცელა განცხადება, რომ გაითვალისწინებს შვედეთის ტრანსპორტის სააგენტოს რეკომენდაციას ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეწყვეტის შესახებ.
„ჩვენ ოსლო-კიევის რეისზე ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეს კვირაში ორჯერ ვიყენებთ, მაგრამ უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია და აუცილებელ ზომას მივიღებთ ტრანსპორტის სააგენტოს რეკომენდაციის გასატარებლად,“ - ნათქვამია შვედური ავიაკომპანიის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი ტელერადიოკომპანია SVT ავრცელებს.
ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic -მა ბელარუსის თავზე ფრენების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და დილიდანვე AirBaltic-ის ორმა რეისმა ბელარუსის საჰაერო სივრცეს გვერდი აუარა.
გუშინვე უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა კიევი-ტალინის რეისი ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით განახორციელა. ამის შესახებ განცხადება Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა მენეჯერმა, ანდრასას რადომ გააკეთა.
ტელეკომპანია Channel News Asia-ს ინფორმაციით, სინგაპურის ნაციონალურმა ავიაკომპანია Singapore Airlines-მა გადაწყვიტა, ევროპაში რამდენიმე თავისი ავიარეისის მარშრუტი შეცვალოს, რომ ისინი ბელარუსის საჰაერო სივრცეზე არ გადიოდნენ.
Sky News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრ გრანტ შეპსმა ავიაკომპანიებს ბელარუსის საჰაერო სივრცის უგულვებელყოფისკენ მოუწოდა. თავად ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ში იძულებით დაფრენას „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მეკობრეობას“ უწოდებენ. ამის შესახებ ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ რადიოსადგურ Newstalk-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ცნობილია, კვირას ბელარუსის ხელისუფლებამ საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით მინსკის აეროპორტში ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილ ათენი-ვილნიუსის რეისის თვითმფრინავს დაფრენა აიძულა. ბორტზე ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, NEXTA-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ბელარუსის ძალოვნებმა ადგილზევე დააპატიმრეს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) მომხდარი ინციდენტის გამო სხდომა 27 მაისს ჩანიშნა. ორგანიზაციამ ინფორმაცია თავის Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
„ICAO-ს პრეზიდენტმა 27 მაისს 36 დიპლომატიური წარმომადგენლის სასწრაფო სხდომა მოიწვია, რომელიც 23 მაისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში Ryanair FR4978 ფრენის ინციდენტს შეეხება,“ - წერია განცხადებაში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ