საქართველოს ეროვნული ბანკი აპრილის თვის სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით (2.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.43%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.15 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით (2.17%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742.48 მლნ ლარით (3.42%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.83%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.59%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.03 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.49%-ით მეტი).
2021 წლის აპრილის განმავლობაში 2.14%-ით, ანუ 411.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 19.67 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.15 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.33 პროცენტული პუნქტით)“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი მაისისათვის 35.62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 570.47 მლნ ლარით, ანუ 1.58%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.56%-ით ნაკლები).
„აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 212.22 მლნ ლარით, ანუ 1.27%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.38%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 782.68 მლნ ლარით, ანუ 4.00%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 5.07%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 37.29 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.13 პროცენტული პუნქტით).
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.24% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.82%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.51%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.81%, ხოლო ევროს წილმა 14.70% შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნბულ ინფორმაციაში.