როდის გაიხსნება სეზონი და რამდენი ობიექტი მიიღებს წელს ტურისტებს აჭარაში

აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რეგიონში სტუმრების მისაღებად 300-მდე ობიექტი უკვე მზადაა. სწორედ ამდენი ობიექტი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.

,,ეპიდემიოლოგიური ვითარება როგორც რეგიონში, ასევე მთელს ქვეყანაში, გვაძლევს საშუალებას, რომ ტურისტულმა ობიექტებმა ფუნქციონირება განაახლონ. ცხადია, რეგულაციების დაცვით. წელს, ტურიზმი მთელს მსოფლიოში ნიშნავს ინფიცირების სტატისტიკას, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ეპიდემიის კონტროლი, რაც ტურისტული საქმიანობის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენთან, ტურისტულმა ობიექტებმა უკვე აქტიურად დაიწყეს მზადება ზაფხულის სეზონისთვის. 300-მდე ობიექტია უკვე აჭარაში, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს და შესაბამისად, აქვთ საშუალება უმასპინძლონ სტუმრებს. იგივე პროცესი მიმდინარეობს სხვა ტურისტულ ობიექტებშიც.

წელს როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოქალაქეებთან ერთად. აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნა ოფიციალურად ივნისის თვეშია ჩანიშნული და მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა, რომ ყველა ობიექტი იყოს გახსნილი“, - ამბობს ზოიძე.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, გასულ წელს, რეგიონში მეორე ტალღის ეპიდაფეთქების შემდეგ, როგორია მიღებული გამოცდილება და ზომები, რომლითაც აჭარა 2021 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს ხვდება.

,,გასული წლის გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. მაშინ ვირუსი ახალი იყო და სტანდარტების დანერგვაც მაშინ იწყებოდა. ახლა ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს რისკებს. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური მექანიზმების ჩართვა, ასევე მოსახლეობის მზაობა, დაიცვას რეგულაციები. მთავარი საკითხი, რაც დღეს მსოფლიოს ტურიზმის ოპერირებაში ეხმარება, სწრაფი რეაგირება და სწორი მენეჯმენტია“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

თამარ მუკბანიანი