Google-მა ტრადიციულად ქართულ პლატფორმაზე თავისი ლოგო სახელმწიფო დროშით წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტექნოლოგიურმა გიგანტ Google-მა ქართულ პლატფორმაზე კომპანიის ლოგო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერში, შინდისფერის ფონზე წარმოადგინა, რომელზეც დღევანდელი ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშა ფრიალებს. ამასთან, „დასერჩვის“ შემდეგ გახსნილ ახალ ფანჯარაში, კომპანიის ლოგოს ცენტრში კვლავ საქართველოს სახელმწიფო დროშა ადევს. Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამას უკვე რამდენიმე წელია აკეთებს.

2014 წელს Google-მა პირველად კავკასიის რეგიონში საქართველოსთვის სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელების მიზნით სპეციალური ბიუჯეტი გამოყო.

Google-ის იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სტენფორდის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევით პროექტის სახით დაიბადა, რომლის ავტორები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, შეექმნათ სრულყოფილი საძიებო სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub“ უწოდეს. ცოტა ხნის შემდეგ სახელი შეცვალეს და „Googol“ დაარქვეს, რომელიც მათემატიკური ტერმინია და ნიშნავს რიცხვ 1-ს მოყოლებული ასი ნული.

Sun Microsystems-ის დამფუძნებლის, ენდი ბეხტოლშეიმის სახელს უკავშირდება კომპანიის ამჟამინდელი წარწერა - „Google“. ენდიმ, რომელიც ამ გიგანტის პირველი ინვესტორი იყო, ჩეკის გამოწერის დროს დაუშვა შეცდომა და სახელი „Googol“ დაწერა იმ ასოთა თანამიმდევრობით, როგორც დღეს Google იწერება. ლარის და სერგეის მოუწიათ ფირმის თავიდან დარეგისტრირება ახალი, შეცდომით დაწერილი „ენდისეული ვერსიით“, რათა გაენაღდებინათ პირველი ინვესტირებული თანხა 100 ათასი დოლარის ოდენობით.

თავიდან კომპანია Google-ის ოფისი მისი დამაარსებლების საერთო მეგობარი გოგოს ავტოფარეხში იყო განთავსებული და პირველი მისი თანამშრომელი იყო მათი კურსელი კრეიგ სილვერსტეინი. 1999 წელს ბრინი და პეიჯი ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ და რაკი ახალი საძიებო სისტემა მათ უნივერსიტეტში სწავლისგან აცდენდა, მისი გაყიდვა 1 მილიონ დოლარად გადაწყვიტეს, მაგრამ ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ