რა წილი უკავია საზღვაო გადაზიდვებს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში - კონტეინერის ტარიფები იზრდება

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში საზღვაო გადაზიდვების წილი დაახლოებით 40%-ს შეადგენს, დანარჩენი კი საჰაერო, სარკინიგზო, სახმელეთო და სხვა ტიპის გადაზიდვებზე მოდის.

სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად კი იზრდება საზღვაო გადაზიდვებიც. მაგალითად, 2021 წლის 4 თვეში საზღვაო გზით ტვირთბრუნვა გაიზარდა და 1,532 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ზღვით სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 1,391 მლრდ დოლარი იყო.

როგორც ცნობილია, საზღვაო გადაზიდვები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო ვაჭრობაში. პანდემიის გამო გადატვირთული კონტეინერების გამო, იზრდება ფასები. მეტიც, ბოლო პერიოდში ხილისა და ბოსტნეულის საზღვაო არხით ექსპორტიორებისთვის საკმაოდ უსიამოვნო ტენდენცია გამოიკვეთა. როგორც East fruit-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, ტვირთის ტარიფები იზრდება, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს გლობალურ ვაჭრობაზე.

Drewry Reefer Container Price Index-ის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, ზღვის კონტეინერებით ტრანსპორტირების მაჩვენებელი 26%-ით გაიზარდა, რამაც ავტომატურად გაზარდა ამ კონტეინერებში ბოსტნეულისა და ხილის ღირებულება. სატვირთო ბაზრის ანალიტიკოსების აზრით კი, უახლოეს მომავალში რთული იქნება კონტეინერების დეფიციტის დაძლევა, ამიტომ ისინი ელიან, რომ ტვირთის ფასები ისევ გაიზრდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა წილი უკავია საზღვაო გადაზიდვებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში.

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 3,928 მლრდ დოლარს, აქედან საზღვაო გზით შემოვიდა და გავიდა 1,532 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია.

2021 წლის 4 თვეში ტვირთის გადაადგილების სატრანსპორტო არხები კი ასე ნაწილდება:

  • საზღვაო- 1,532 მლრდ დოლარი
  • სარკინიგზო - 235,7 მლნ დოლარი
  • საავტომობილო - 1,711 მლრდ დოლარი
  • საჰაერო - 266,6 მლნ დოლარი
  • დანარჩენი - 182,2 მლნ დოლარი

რაც შეეხება 2020 წლის 12 თვეს, შარშან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 11,373 მლრდ დოლარი იყო, აქედან 4,502 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქტის ბრუნვა საზღვაო გზით მოხდა.

2020 წელს ტვირთის გადაადგილების სატრანსპორტო არხები კი ასე ნაწილდება:

  • საზღვაო- 4, 502 მლრდ დოლარი
  • სარკინიგზო - 763,8 მლნ დოლარი
  • საავტომობილო - 4,874 მლრდ დოლარი
  • საჰაერო - 868,3 მლნ დოლარი
  • დანარჩენი - 364,8 მლნ დოლარი

იმის გამო, რომ საქართველოში იმპორტი ყოველთვის აღემატება ექსპორტს, საზღვაო გზით უცხოეთიდან უფრო მეტი პროდუქტი შემოდის, ვიდრე გადის. მაგალითად, 2020 წლის 12 თვეში საზღვაო გზით იმპორტმა შეადგინა - 2,931 მლრდ დოლარი, ექსპორტმა კი 1,571 მლრდ დოლარი. რაც შეეხება 2021 წლის 4 თვეს, წელს საზღვაო გზით ქვეყნიდან გავიდა 599 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, იმპორტმა კი შეადგინა 933,1 მლნ დოლარი.

ნინი ქეთელაური