„დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან, რა მინდა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში“ - რას ურჩევს მთავრობას ინვესტორების მოსაზიდად მეჰმედ მელეკი

საქართველოს გარეთ უნდა კეთდებოდეს საქართველოს რეკლამა, როგორც ევროპული ვექტორის მქონე ქვეყნის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელეკმა განუცხადა.

ამით თურქი ინვესტორი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველის დანიშვნას ეხმაურება.

,,ძალიან კარგია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ინვესტიციებს და პრემიერმა მრჩეველიც დაიქირავა. ჩემი პირადი აზრი და რეკომენდაციები ასეთია, პირველი - ინვესტორს უნდა შეეძლოს პირდაპირი კავშირი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, შუამავლების გარეშე. ბიუროკრატიის შემცირება კი ერთ-ერთი უმთავრესია.

მეორე - ინვესტორს უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია შესაბამისი პირებისგან. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტირების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინვესტორებს სჭირდება გვერდით დგომა. ეს არის უმნიშვნელოვანესი.

აქვე, არანაკლები პრობლემაა საიმიჯო კამპანია, როგორც ეს ადრე, მაგალითად, 10 წლის წინ ხდებოდა. საქართველოს გარეთ უნდა კეთდებოდეს საქართველოს რეკლამა, როგორც ევროპული ვექტორის მქონე ქვეყნის. მე შემიძლია თურქეთის მაგალითი ვთქვა, 20 წელია აქ ვარ და ისევ ბევრი ბიზნესმენი, რომელსაც ინფორმაცია არ აქვს საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, დღემდე მირეკავს და მეკითხება, რა მინდა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში და როგორია რისკები. მე ვცდილობ ვიყო ამ დროს ელჩი, რომელიც საუკეთესო კუთხით წარუდგენს საქართველოს და ჩამოიყვანს ინვესტორებს აქ. ამას, სახელმწიფო სარეკლამო კამპანიებით უნდა აკეთებდეს“, - განუცხადა მელექმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა FDI-ის მოზიდვის საკითხებში სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა. პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში აქამდე მრჩეველი არ ჰყოლია.

თამარ მუკბანიანი