ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შემდეგ, 2021 წლის 1-დან 24 მაისის ჩათვლით ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად გაიზარდა.
თუ საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისის 24 დღეში 141.353 მლნ კვტ-სთ გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 98,5%-ით 280.608 მლნ კვტ-სთ-მდე გაიზარდა.
მიმდინარე წელს, მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ენგურჰესმა 20 მაისს გამოიმუშავა 16.606 მლნ კვტ-სთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7.646 მლნ კვტ/სთ.
ენგურჰესის გენერალური დირექტორი, ჰესის ფუნქციონირების აღდგენამდეც აცხადებდა, რომ გამომუშავება გაიზრდებოდა. ლევან მებონიას მოლოდინი 10-15%-იანი ზრდა იყო.
,,რამდენად გაზრდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროენერგიის გამომუშავებას, ეს გვეცოდინება ჰესის ამოქმედების შემდეგ, თუმცა ახლა ვვარაუდობთ, რომ 10-15%-ით გაიზრდება გამომუშავება”- განაცხადა მებონიამ.
მართალია, 98,5%-იანი ზრდა მხოლოდ ერთი არასრული თვის სტატისტიკაა, თუმცა აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გამართლდა და ქვეყნის მთავარი ჰესის წილი ქართულ ენერგეტიკაში გაიზარდა.
ცნობისათვის, „ენგურჰესის“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა და 27 აპრილს ჩაირთო. ჰესის რეაბილიტაციის პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი.