კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური აგენტების 7764 ერთეული კონცენტრაციის კანონთან შესაბამისობა შეისწავლა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 31 მარტის პერიოდში, რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებული კონცენტრაციები შეისწავლა.

როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში რეგისტრირებულია 7764 კონცენტრაცია.

“შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 31 მარტის პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ადგილი არ ჰქონია კონცენტრაციას, რომელიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა“, - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

როგორც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, შესწავლა განხორციელდა განახლებული ,,კონკურენციის შესახებ’’ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მისი მიზანი წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების სააგენტოსთვის შეუტყობინებლობის გამოვლენა იყო.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

„სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით, სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 5%-ს.

ჯარიმის დაკისრება შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.

სააგენტო განიხილავს კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციას და იმ შემთხვევაში თუ ის მიიჩნევა დაუშვებლად, კონცენტრაციის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, მიმართავს სასამართლოს.

კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი. საფასურის გადახდის ვალდებულება არ აქვს ეკონომიკის რეგულირებად სექტორში მოქმედ სუბიექტს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.