შვეიცარელებს 7,5 მილიარდ ევროდ Lamborghini-ის შეძენა სურთ

შვეიცარელებს კომპანია Lamborghini-ის ყიდვა სურთ და გერმანულ ავტოკონცერნ Volkswagen Group-ს 7,5 მილიარდ ევროს სთავაზობენ. შვეიცარულ კომპანია Quantum Group-ს იტალიური ბრენდის სახელის გარდა, მთელი ინფრასტრუქტურის შეძენა სურს.

Quantum Group-ის სათაო ოფისი ციურიხში მდებარეობს. როგორც ამბობენ, შვეიცარელ ბიზნესმენებს Porsche-ს ოჯახთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ. Quantum-ის ინვესტორები Lamborghini-ის სახელზე ყველა უფლებისა და სანტა-აგატა-ბოლონეზეში მდებარე მთელი საწარმო კომპლექსის შეძენას აპირებენ.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, კომპანია Audi-სთან გაფორმდება ხუთწლიანი კონტრაქტი Lamborghini-ის არსებული მოდელების წარმოების გაგრძელების შესახებ, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ახალი მფლობელები კლიენტებს ბევრ სიახლეს შესთავაზებენ. Quantum Group იტალიური ბრენდის ელექტროძრავებზე გადაყვანას გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა ეს წინადადება Volkswagen Group-მა. თუმცა გერმანელები Lamborghini-ის ნაწილობრივ ან სრულად გაყიდვაზე ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ალაპარაკდნენ. იმ პერიოდში საფონდო ბირჟებზე ბრენდის დამოუკიდებლად გასვლაც განიხილებოდა.

თავის მხრივ, კომპანია Audi-ში აცხადებენ, რომ არ აპირებენ, შეელიონ Lamborghini-ს და შესყიდვის თაობაზე წინადადება არც მიუღიათ. მათი კატეგორიული მტკიცებით, ეს საკითხი Volkswagen Group-ში არც კი განიხილება.

კოკა კვირკველია